ახალი ამბები

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, სადაც ის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს „შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში” იხსენიებს, „დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველად“ აფასებს.

განცხადებას, რომელიც სამოქალაქო პლატფორმამ 14 ივნისს გაავრცელა, ხელს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებული განცხადებები „ქსენოფობიური“ შინაარსისაა. ამასთან, ის შეურაცხყოფას აყენებს „ეთნიკურ/ეროვნულ“ ჯგუფებს და მათ „დამამცირებელ“ კონტექსტში წარმოაჩენს.

ყოფილმა პრეზიდენტმა 27 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ ქართული ოცნების დეპუტატი შოთა შალელაშვილი „რუს ებრაელად“ მოიხსენია. ამავე არხზე, 12 ივნისს გადაცემაში „არჩევანი“ კი განაცხადა, რომ „ქართველებს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ…შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილის მიერ 13 ივნისს Facebook-ით გავრცელებულ „სექსისტურ“ განცხადებასაც ეხმაურებიან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ნათია მეზვრიშვილზე წერს: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის „პროკურორი“.

„მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას, ნებსით თუ უნებლიეთ, არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებას, Facebook-ის საშუალებით გუშინვე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა. მისი შეფასებით, სამოქალაქო პლატფორმის მთელი განცხადება „აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე“. მისივე თქმით, მისი ტექსტიდან „შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი“, რაც მისი ნათქვამის აზრს ამახინჯებს. შესაბამისად, „განცხადება დაწერილია არაკეთილსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“. „ხაზგასმით ვიმეორებ – კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში, როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, „რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი“, რომლის შვილიც, მისი თქმით, აშშ-ში ორი მილიარდის მოპარვისთვის არის გასამართლებული, „საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენს ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს“.

მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ქართული ოცნების წევრმა შოთა შალელაშვილმაც უპასუხა. „ამას ვაფასებ, როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას“, – განაცხადა მან. მანვე განმარტა, რომ სააკაშვილის განცხადებაზე მისმა იურისტებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები უკვე დაიწყეს.

კრიტიკა მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის კოტე იოსელიანის განცხადებასაც. მან 14 ივნისს ტელეკომპანია იბერიას ეთერში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის პირად ცხოვრებაზე არაეთიკურ კონტექსტში ისაუბრა. „ბახტაძეზე, ქალაქში ჭორები დადის, რომ არის უტა ივანიშვილის გულისსწორი“, – განაცხადა მან. იმავე დღეს მისმა თანაპარტიელებმა, მათ შორის, სალომე სამადაშვილმა და მარიამ გერსამიამ იოსელიანისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

მოგვიანებით, Facebook – ის საშუალებით განცხადება გაავრცელა თავად კოტე იოსელიანმაც. „ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს პირადი ცხოვრების განსჯა, მით უფრო, რომ ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა ადამიანების პირადი არჩევანია. მე მხოლოდ ვცადე წარმომეჩინა, რომ ბატონი ბახტაძის დანიშვნა ნეპოტიზმის გამო ხდება. ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე“, – წერს იოსელიანი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ იოსელიანმა ბოდიში უკვე მოიხადა და პარტია ფაქტზე „რაიმე სხვა სახის რეაგირებას არ აპირებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button