ახალი ამბებიინტერვიუ

პრემიერ-მინისტრის გადადგომა: ექსპერტთა შეფასებები ვაშინგტონში

Tags

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა 13 ივნისს დატოვა და ამის მიზეზად, მმართველი პარტიის წევრებთან, ასევე მის დამფუძნებელთან და ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ეკონომიკურ პოლიტიკაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. ანი ჩხიკვაძემ ამერიკის ხმიდან დევიდ კრამერს, პოლ სტრონსკის, ჯონ ჰერბსტს და კენეტ იალოვიცს კვირიკაშვილის გადადგომაზე კომენტარის გაკეთება, ასევე მისი გადადგომის მიზეზების და ცვლილების პოტენციური შედეგების შეფასება სთხოვა.

დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი

კვირიკაშვილის გადადგომა დიდი სიურპრიზი არ არის. პირიქით, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. 2015 წელს პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე, ის ძალზედ რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვინც რეალურად გადაწვეტილებებს იღებდა. კვირიკაშვილი წესიერი ადამიანია, რომელმაც რაც შეეძლო გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის. თუმცა, მას უწევდა ზურგს უკან ყურება და ივანიშვილის დასტურის მიღება. მსგავსი სიტუაცია დიდხანს ვერ გასტანდა. ივანიშვილი ან უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ან უკან უნდა დაიხიოს და აცადოს შემდეგ პრემიერ-მინისტრს საკუთარი მოვალეობის შესრულება. საქართველო ვერ გადაიტანს პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტების პარალიზებას.

პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი

ახლა უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ივანიშვილს შორის უთანხმოება გარკვეული დროის მანძილზე არსებობდა. გასული თვის პროტესტი საქართველოში აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არსებული სტატუს კვო არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის გამომწვევი მიზეზები შედარებით ვიწრო საკითხები, კლუბებში შეჭრა და ახალგაზრების მკლელობა გახდა, პროტესტმა ამაში გარკვეული როლი ითამაშა. საქართველოს ეკონომიკა სირთულეების წინაშეა. ეს მთლიანად კვირიკაშვილის ბრალი არ არის. ზოგადად, რეგიონში ვარდნაა და ეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. თუმცა, როგორც ჩანს, კვირიკაშვილი კულისებს მიღმა ივანიშვილის კრიტიკით და მოქმედებებით შეწუხდა. დარწმუნებული არ ვარ, რამდენად „დემოკრატიულია“, რომ პარტიის თავმჯდომარემ პასუხისმგებლობა აიღოს ხელში.
არაფორმალური და კულისებს მიღმა მმართველობიდან ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, და მისი როლის ფორმალიზება და ინსტიტუციონალიზაცია, ვფიქრობ, სწორი იქნება. თეორიულად ეს მას უფრო ანგარიშვალდებულს გახდის. პრემიერის გადადგომა ქართულ ოცნებას პრობლემებს შეუქმნის. ეს შიდა უთანხმოებებს უსვამს ხაზს, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რა შედეგი მოჰყვება ამას და რას უქადის ეს ქართულ ოცნებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ელჩი ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი

გიორგი კვირიკაშვილი გამოცდილი ლიდერია და მან საგარეო მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესანიშნავი სამსახური გასწია. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი უნდა იყოს, დღევანდელ პირობებში კი, ეს ასე არ არის. ეს უჩვეულო შემთხვევაა და უნდა შეიცვალოს. კვირიკაშვილის გადადგომა თბილისში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტზე რეაქციას ჰგავს. თუმცა, რთულია იმის თქმა, შეაჩერებს თუ არა მისი გადადგომა საპროტესტო გამოსვლებს.

კენეტ იალოვიცი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში

მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ამგვარი განვითარება მოულოდნელი იყო, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალია. უკანასკნელმა დემონსტრაციებმა ახალგაზრდის მკლელობის გარშემო, მთავრობა შეარყია. თუმცა, ყველაზე მეტად მე ის მაღელვებს, რომ მთავრობა გარედან იმართება. შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ივანიშვილს კარგი ზრახვები და კარგი იდეები აქვს, მაგრამ ის არ არის პრემიერ-მინისტრი და ის არ აკონტროლებს პროცესს. როგორც ჩანს, სწორედ ეს ხდება საქართველოში. მე საქართველოში მინდა ვნახო სტაბილური მთავრობა და ინსტიტუტები. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან უნდა შეეძლოთ საკუთარი საქმის კეთება. ეს ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი რამ არის, რაც ხდება.

მასალა მომზადდა Civil.ge-სთვის ამერიკის ხმის მიერ. ამ ან სხვა მასალის უფასო გავრცელებაზე ნებართვის მისაღებად მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button