ახალი ამბები

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს შორის, 27 %-ით ქართული ოცნება ლიდერობს, 17 %-ით მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და 7 %-ით კი ევროპული საქართველო მოსდევს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 29 მაისს გამოქვეყნდა, 10-22 აპრილის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის კვლევების/ორგანიზაცია გელაპმა ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილება +/- 2.5 %-ია.

კითხვაზე „მომდევნო კვირას, რომ არჩევნები იყოს, ხმას რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით?“ რესპონდენტების 27% ქართულ ოცნებას ასახელებს (გასულ წელს ეს მონაცემი 26 % იყო), 17 %-მდე გაიზარდა ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მაჩვენებელიც (2017 – 15 %), იგივე დარჩა ევროპული საქართველოსა (7 %) და პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა რიცხვი (4 %). 6-დან 5 %-მდე შემცირდა ლეიბორისტული პარტიის მაჩვენებელი. 2-დან 3 %-მდე გაიზარდა დემოკრატიული მოძრაობის მონაცემი. რესპონდენტების 19 %-ის თქმით, ისინი ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდნენ, 14 %-ს კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ან პასუხზე უარი თქვა.

პოლიტიკოსებიდან რესპონდენტების ყველაზე დიდი სიმპატიით (53 %), დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) სარგებლობს, მას 52 %-ით გიორგი მარგველაშვილი მოსდევს. კახა კალაძეს კი 50 %-იანი მოწონება აქვს. მას 49 %-ით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, 41 %-ით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 34 %-ით კი შალვა ნათელაშვილი მოსდევს.

კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ყველაზე დიდი მოწონება დავით ბაქრაძესა და შალვა ნათელაშვილს აქვთ. მათ 32 % და 31 %-ებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია მოსდევენ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტებს შორის, ეკლესიას კვლავ ყველაზე მაღალი – 84 %-იანი ნდობა აქვს (2017 – 88%). ეკლესიის შემდეგ ყველაზე მაღალი ნდობით – 83 %-ით ქართული ჯარი სარგებლობს (2017 – 86 %). მას 68 %-ით მედია (2017 – 74 %), 50 %-ით კი პოლიცია მოსდევს (2017 – 59%). წინა წელთან შედარებით, 52-დან 49 %-მდე შემცირდა განათლების სისტემისადმი მოსახლეობის ნდობა. 37-დან 43 %-მდე გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელი. 40-დან 36 %-მდე შემცირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ნდობა, 45-დან 34 %-მდე ჩამოვიდა პრემიერ-მინისტრისადმი ნდობის მაჩვენებელიც. 4 %-ული პუნქტით შემცირდა მინისტრთა კაბინეტის (34 %), 39-დან 34 %-მდე კი პარლამენტისადმი ნდობა. 5-5 % ით შემცირდა სასამართლოებისა და პროკურატურისადმი მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელიც (25 და 26 %).

გამოკითხული მოსახლეობის 67 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემთან შედარებით, 2 %-ული პუნქტით გაიზარდა. 21-დან 22%-მდე გაიზარდა მათი რიცხვიც, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა „სწორი მიმართულებით“ ვითარდება.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის წინაშე მდგარ სამ მთავარ პრობლემად დასაქმება (40 %), ეკონომიკა (23 %) და ტერიტორიული მთლიანობა (10 %) სახელდება.

კვლევის ფარგლებში, კითხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც დაისვა. რესპონდენტების 77 % (2017 – 82 %) ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ევროკავშირში გაწევრიანებას კი მხარს გამოკითხულთა 85 % (2017 – 90 %) უჭერს.

რესპონდენტების 27 % (2017 – 23 %) ქვეყნის მხოლოდ პროევროპული, 50 % (2017 – 53 %) კი პროდასავლური კურსის პარალელურად მიიჩნევს, რომ ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობაც უნდა გააგრძელოს. რესპონდენტების 12 %-ს მიაჩნია, რომ ქვეყანას პრორუსული კურსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობაც უნდა გაგრძელდეს. ქვეყნის მხოლოდ პრორუსულ კურსს მხარს გამოკითხულების 2 % (2017 – 3 %) უჭერს.

რესპონდენტების 36 % ხელისფლების რუსეთთან ურთიერთობას დადებითად აფასებს (2017 – 54 %), უარყოფითად კი 52 % (2017 – 35 %). წინა წელთან შედარებით, გაიზარდა მათი რიცხვიც (85 %), ვინც რუსეთს საფრთხედ აღიქვამს (2017 – 73 %).

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქართული ტელევიზია მიმდინარე საერთაშორისო ამბების მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება. რესპონდენტების 90 % ინფორმაციას კვლავ ტელევიზიით იღებს (2017 – 93 %). მას 22 და 11 %-ით ინტერნეტი და სოციალური მედია მოსდევს (2017 – 21 და 13 %).

რესპონდენტების 6 % საერთაშორისო ამბების შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხებით ეცნობა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 1 %-ული პუნქტით შემცირდა.

რესპონდენტების 76 % ამბობს, რომ რეგულარულად ტელეკომპანია იმედს უყურებს (2017 – 80 %). 72 %-მდე შემცირდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლების რიცხვი. საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია პირველს კი გამოკითხულთა 20 და 18 % უყურებს. რესპონდენტების 38 % რუსთავი 2-ს ენდობა (2017 – 44 %), 31 % კი ტელეკომპანია იმედს (2017 – 33 %).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button