skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ნარკორეალიზატორებთან სახელმწიფო მტკიცე და შეუვალი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ნარკორეალიზატორებთან  „მტკიცე და შეუვალი“იქნება.

„იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორეს მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებით. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასდროს შევეგუებით“, – განაცხადა 10 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას უკვე ასრულებს.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ „ამ უბედურების გამო“ ახალგაზრდები დავკარგეთ.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს, ცნობილ ადამიანებს, ყველას, ვინც ახალგაზრდებში „ავტორიტეტით სარგებლობს“, ნარკოტიკების წინააღმდეგ ფართო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში, გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button