skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ განათლების სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, დღეს განათლების სისტემის რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანიც, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის ამაღლებაა.

სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ”, განათლების მინისტრმა მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ოთხ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და არაფორმალური განათლების რეფორმას.

მინისტრმა ზოგადი განათლების ერთ-ერთ პრიორიტეტად პედაგოგების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება დაასახელა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, ისინი პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით, შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან.

მისივე თქმით, ეტაპობრივად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელობის შინაარსიც. მიმდინარე წლის სექტემრიდან, ახალ სახელმძღვანელოებს პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე შეიცვლება მე-7 მე-12 კლასის სახელმძღვანელოებიც.

ჩხენკელის განცხადებით, გაგრძელდება მანდატურის ინსტიტუტის რეფორმაც და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩაერთვებიან ფსიქოლოგები და მშობლები. ამ მიზნით, მშობლებთან ხელშეკრულებებიც დაიდება, სადაც მათი და სკოლის უფლებები და მოვალეობები გაიწერება.

პროფესიული განათლების კომპონენტზე საუბრისას, ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯებიც დაარსდება. მისივე თქმით, იგეგმება ე.წ. დუალური განათლების მოდელის დანერგვაც, რაც კერძო სექტორთის ჩართულობით, პროფესიულ გადამზადებას გულისხმობს.

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების კომპონენტზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, განახლდება აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მინიჭების სტანდარტები და „მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ ავტორიზაციას, რომლებსაც მაღალი აკადემიური სტანდარტი გააჩნიათ”.

სამოქმედო გეგმის წარდგენისას, სიტყვით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა და აღნიშნა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლების კომპონენტს მთავარი ადგილი უკავია. „ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და გახდეს ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა”, – განაცხადა პრემიერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button