ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო „შეშფოთებულია“ თავდაცვით ზღუდეებზე სააკაშვილის განცხადების გამო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაგმო პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება საფორტიფიკაციო ნაგებობების თაობაზე, როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მომტანი.

23 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილმა მთავრობა გააკრიტიკა დედაქალაქის გარშემო თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის შეჩერების გამო. მან ასევე დეტალურად ისაუბრა საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის მიზნებზე და აღნიშნა, რომ ეს უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რადგან „რუსებმა ეს იციან“.
 
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „გაკვირვებულია“ და „შეშფოთებულია“ სააკაშვილის ამ განცხადების გამო.

„თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია უწყების მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეირაღებულ ძალებს შესწევს უნარი უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცეს უსაფრთხოების გამოწვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ასევე გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი 23 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო.

„პრეზიდენტი კამერების წინ დგას საიდუმლო ობიექტთან და იძახის, რომ იცით რაა, რუსებმა ეს ინფორმაცია უკვე იციან და ამიტომ გაგიმჟღავნებთ და იწყებს კრიტიკას, რომ ‘რატომ შეაჩერეთ პროექტები’. ნორმალური პრეზიდენტი – ნორმალურ პრეზიდენტზე მაქვს საუბარი – და მთავარსარდალი თუკი ჩათვლის, რომ პროექტები შეჩერებულია და ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, დაუკავშირდება თავდაცვის მინისტრს, პრემიერ–მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და მათთან საუბრის ფარგლებში შეეცდება საკითხი მოაგვაროს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button