ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედმა“ საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერა

ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნების პროცესში არხი საინფორმაციო მაუწყებლობას დროებით აჩერებს.

ეს განცხადება „ქრონიკის“ წამყვანმა 17 საათზე, როგორც თავად აღნიშნა, ბოლო გამოშვებაში გამოაცხადა, რომელიც ხუთ წუთს გაგრძელდა და რომელშიც მხოლოდ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრების ტელეკომპანიაში დღევანდელი სტუმრობა გაშუქდა.

საინფორმაციო მაუწყებლობის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება პატარკაციშვილის ოჯახმა მიიღო, რომლის წევრებიც საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და განუცხადეს, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადაბარების პროცესის დასრულებამდე საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავიდოდა.

„ქრონიკა“ პირდაპირი ეთერის რეჟიმს უახლოეს მომავალში, გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე დაუბრუნდება და საინფორმაციო მაუწყებლობის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი პროცესია“, – განაცხადა „ქრონიკის“ წამყვანმა.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა შეხვედრა სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირესთან, გიორგი არველაძესთან, რომელიც ტელეკომპანია და რადიო „იმედს“ დღემდე ფლობდა და მართავდა. 

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავხდით ამ არხს ისევ დაბალანსებულს, ისევ ობიექტურს და თავისუფალს“, – განაცხადა პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, რომლებიც ამ სიტყვებს ტაშით შეხვდნენ.

მან არხის მენეჯმენტის გადაბარების და სამომავლო გეგმების დეტალებზე ამ ეტაპზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას, ისევე როგორც ხუთი წლის წინ, მათი ოჯახი დააფინანსებს. მისი თქმით, ოჯახის ინტერესია, რომ არხი „რაც შეიძლება მალე გადავიფორმოთ“.

პატარკაციშვილის ქვრივმა ასევე მიანიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ის თანამშრომლები „ვინც გრძნობს, რომ არ იქცეოდა სწორად რაღაც გაგებით“ თვითონვე დატოვებენ არხს.

დღესვე „იმედის“ გასართობი გადაცემის „ნანუკას შოუს“ წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამ ნაბიჯის მიზეზად „ადამიანური“ და „მორალური“ ვალდებულება დაასახელა. ჟორჟოლიანი შსს–ის სოდ–ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მეუღლეა, რომელიც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოყენებული ფარული ჩანაწერების მთავარი მოქმედი პირი იყო.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ის საინფორმაციო მიმართულების გაძლიერებას აპირებდა გასართობი გადაცემების შემცირების ხარჯზე.

თუმცა 16 ოქტომბერს საღამოს მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. ამ შეთანხმების დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობი რჩება. 

შეთანხმებას ერთი დღით უსწრებდა მოქმედი მთავრობის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა ტელეკომპანიების არსებული დავალიანებების შემცირების თაობაზე, რასაც საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ივლისის მონაცემებით, ტელეკომპანია "იმედის" დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 13.9 მლნ ლარს შეადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button