
სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკის სამ ძირითად მიმართულებაზე
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელმაც უნდა განაპირობოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
"საქართველოს აქვს სამი ძირითადი მიმართულება ეკონომიკის განვითარების, რომელიც უახლოეს წლებში მოგვცემს ჩვენ გარღვევას იმისათვის, რომ შემდეგ ხუთ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ნომინალური შემოსავალი გაორმაგდეს,“– განაცხადა მან 8 ნოემბერს „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მან ყურადღება გაამახვილა ჰიდროენერგეტიკის პოტენციალზე და განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია შემდგომი 7–8 წლის განმავლობაში ამ სექტორში 5 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდოს. მისი თქმით, ამ რესურსის სრული ათვისება ქვეყანას 100 ათასი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
ტურიზმთან დაკავშირებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს "წარმოუდგენელი“ ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
მისი თქმით, მარტო მესტიაში იმაზე მეტი პოტენციალი არსებობს, ვიდრე მთელ აფხაზეთში. სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს შეუძლია ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი მოიზიდოს შემდგომ რამდენიმე წელიწადში.
სოფლის მეურნეობაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს "ჩვენი იდეოლოგია და ჩვენი იდენტობის ნაწილია“.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, თუმცა აგრარულ სექტორი მშპ–ს მხოლოდ 11–12% შეადგენს, რაც შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში სულ მცირე უნდა გაორმაგდეს. „მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ სექტორში სპეციალისტები; ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები და 100 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია ყოველწლიურად,“– აღნიშნა მან.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მოხსენებაზე – "ბიზნესის კეთება 2011“ – საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით "მსოფლიო ჩემპიონია“.
მოხსენებაში საქართველო, 183 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიადვილის კუთხით. მოხსენებაში ასახულია ბიზნეს რეგულაციების რაოდენობრივი ინდიკატორები და როგორც მისი ავტორები აცხადებენ, მოხსენება ყოვლისმომცველი არ არის, რადგან არ ასახავს და არ ზომავს ბიზნესგარემოს ყველა ასპექტს.
მოხსენების მიხედვით, საქართველო, რუანდა, ბელარუსი, ბურკინა ფასო, საუდის არაბეთი, მალი, ყირგიზეთი, განა, ხორვატია და ყაზახეთი ის სახელმწიფოები არიან, რომლებმაც ბიზნეს რეგულაციების გამარტივების და გაუმჯობესების კუთხით ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთეს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოხსენებაში საქართველოსთვის მინიჭებული ადგილი ნიშნავს, რომ "არცერთ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, არცერთ სხვა მთავრობას მსოფლიოში არ გაუკეთებია იმდენი რეფორმა, რათა გაუმჯობესებულიყო ბიზნესის კეთება და ეკონომიკური შესაძლებლობები“.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ცუდი ამბავია სტატისტიკის სამსახურის ბოლოდროინდელი ცნობა, რომ თბილისში "ნაწილობრივ ან მთლიანად უმუშევართა რაოდენობა არის 30%“.
“ეს არის კატასტროფულად მაღალი ციფრი,“ – განაცხადა მან.
This post is also available in: English Русский