ახალი ამბები

”იმედის” დადგმული ”ქრონიკა”

სატელევიზიო კადრი ”იმედის” დადგმული 30-წუთიანი ახალი ამბებიდან.


შაბათს საღამოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასულმა გამოგონილმა 30-წუთიანმა ამბავმა, რომ თითქოს რუსეთთან ომი განახლდა გარკვეული პერიოდით პანიკა და შემდეგ "იმედის" მისამართით პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.

მცირე გაფრთხილებაში, რომელიც ტელეკომპანიამ გადაცემის დაწყებამდე გააკეთა, აღინიშნა, რომ ეს ”მოდელირებული” ამბავი იყო, თუმცა თავად გამოგონილი სიუჟეტების მსვლელობისას, ეკრანზე არსად ეწერა რომ ეს მართალი არ იყო.

გამოგონილი სიუჟეტების მსვლელობისას რამოდენიმე წუთით მობილურ ტელეფონზე კავშირი გართულებული იყო, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ბევრი ცდილობდა ერთმანეთთან დაკავშირებას, რათა შეეტყოთ, თუ რა ხდებოდა. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, იმ დროს როცა გამოგონილი სიუჟეტები გადიოდა, საგრძნობლად იმატა სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობამ.

საღამოს 8 საათის დადგომამდე – ანუ იმ დრომდე, როდესაც ჩვეულებრივ ტელეარხზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკა” იწყება – დაახლოებით ერთი წუთით ადრე დაიწყო გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟი.” მთელი დღის განმავლობაში ”იმედის” საინფორმაციო გამოშვებებში აანონსებდა, რომ საღამოს სპეციალური ”სპეციალური რეპორტაჟის” გაშვება იგეგმებოდა, რომელიც ჩვეულ დროზე ადრე დაიწყებოდა.

გადაცემის წამყვანმა, ნათია კობერიძემ, დაახლოებით ერთწუთიან შესავალ სიტყვაში მაყურებლებს უთხრა: ”გიფიქრიათ როდესმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულზე? ალბათ კი, რადგან ამ საფრთხეს ჩვენ ყველამ 2008 წლის ზაფხულში თვალებში ჩავხედეთ… რუსეთის ტაქტიკა საქართველოს წინააღმდეგ სულ უფრო საშიში ხდება. ოკუპანტი გამალებით ეძებს და პოულობს კიდეც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დასაყრდენს.”

”გვინდა შემოგთავაზოთ საინფორმაციო გამოშვების, ”ქრონიკის”, საგანგებო, მოდელირებული გამოშვება. ჩვენი სტუმრები [სტუდიაში] და მაყურებლები ნახავენ საქართველოს შესაძლო ყველაზე მძიმე დღის საინფორმაციო გამოშვებას იმ საფრთხეების გათვალისწინებით რაზეც პოლიტიკოსები და ექსპერტები სისტემატიურად მსჯელობენ. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ კი საქართველოს საზოგადოებრიობა არ იქნება კონსოლიდირებული რუსეთის გეგმის წინააღმდეგ. მოდი ვნახოთ ”ქრონიკის” ყველაზე ცუდი მომავლის სპეციალური გამოშვება.”

ამ შესავლის შემდეგ, როდესაც 8 საათს რამოდენიმე წამი იყო გადაცილებული დაიწყო გადაცემა ”ქრონიკა” – თავისი ჩვეული ქუდით და წამყვან ლაშა ხარაზიშვილთან ერთად. წამყვანმა მაყურებელს აუწყა, რომ ”ქრონიკა” ”საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას” და შემდეგ დასძინა, რომ ”რამოდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონში დისლოცირებულმა რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფებამ და სატანკო ბატალიონმა სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა,”

”არ არის გამორიცხული, რომ მათ გეზი დედაქალაქისკენ აიღონ,” – განაცხადა წამყვანმა და განაგძო: ”ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პანიკაა გორში, მცხეთაში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოსახლეობა დედაქალაქის დატოვებას ცდილობს, რამაც ქალაქის გასასვლელებში საცობები შექმნა; რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე… არ არის გამორიცხული ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიული აქტების განხორციელება.”

შემდეგ გამოგონილ ამბავში ახალი ელემენტი ჩნდება და წამყვანი მაყურებელს აცნობს, რომ ”თბილისში შეიარაღებული დაპირისპირებისას დაჭრილი მომიტინგეები მესამე დღეა” საავადმყოფოში რჩებიან.

”არეულობა ქალაქში 7 ივნისს მას შემეგ დაიწყო, რაც არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით თბილისის ცენტრში შეკრებილ მიტინგის მონაწილეებს ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ავტომატის ჯერით სროლა აუტეხეს”, თქვა წამყვანმა. ამას მოყვა სიუჟეტი, სადაც საავადმყოფოს და საპროტესტო აქციების საარქივო კადრები იყო გამოყენებული და სადაც ჟურნალისტი თბილისში ვითომ მომხდარი არეულობის დეტალებზე ყვება, რის შედეგადაც თითქოს 4 ადამიანი დაიღუპა.

7 ივნისის ხსენება იმ მცირე მინიშნებათაგანი იყო, რომელიც მიუთითებდა, რომ მთელი ეს ამბავი გამოგონილი იყო, თუმცა არასაკმარისი, განსაკუთრებით კი იმ მაყურებლებისთვის, რომლებსაც გადაცემისთვის თავიდანვე არ უყურებიათ.

შემდეგ ”ქრონიკის” წამყვანი იუწყება, რომ ოპოზიციამ – აქ ის ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ნოღაიდელს ახსენებს – ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა და ”სახალხო მთავრობის” შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ასევე ”სახალხო მთავრობის” მიერ მიღებულ აქტზე საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ.

ამის შემდეგ, გამოგონილ ამბავში მოვლენები სულ უფრო მძაფრად ვითარდება.  

გადაცემის დაწყებიდან, დაახლოებით, 7 წუთის შემდეგ ”ქრონიკის” წამყვანი კვლავ იმეორებს, რომ ახალგორში დისლოცირებულმა რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ”სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს” და რომ ”არ არის გამორიცხული მათ გეზი დედაქალაქისკენ აიღონ”.

ამასთან მან ასევე გამოაცხადა: ”ახალგორთან, ადმინისტრაციულ საზღვრის გარდა, ქართული სამხედრო შენაერთები ერგნეთშიც არიან მობილიზირებულები.”

შემდეგ ამ ამბავში კიდევ ერთი ახალი ელემენტი ჩნდება და ”ქრონიკის” წამყვანი ედუარდ კოკოითზე ”დილით მომხდარი თავდასხმის” შესახებ იუწყება. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება და ”ოპოზიციის ნაწილი” ამ თავდასხმაში, რის შედეგადაც თითქოს კოკოითი სერიოზულად დაშავდა, საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ. მისი თქმით, განცხადება ამის შესახებ ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა გააკეთეს, რომლებიც თითქოს ცხინვალში ჩასულან.

ამას მოყვა კიდევ ერთი სიუჟეტი, სადაც ცხინვალის ამსახველი საარქივო კადრებია გამოყენებული, ხოლო ჟურნალისტი ”კოკოითზე თავდასხმის” დეტალებს ყვება.

სიუჟეტის შემდეგ, ”ქრონიკის” წამყვანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. შემდეგ ჩნდება პრეზიდენტ მედვედევის საარქივო კადრები, სადაც ის მთავრობის წევრებს ხვდება; ჩანს რომ მედვედევი განცხადებას აკეთებს, ხოლო მის ხმაზე დადებული ქართული თარგმანი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ტერორისტია და მთავრობას ”სააკაშვილისგან მომდინარე საფრთხის ნეიტალიზაციას” ავალებს.

”ქრონიკის” წამყვანი იტყობინება, რომ ”მობილიზებულია ქართული არმია, მიმდინარეობს თბილისის საფორთიფიკაციო ნაგებობების გამაგრება.” ამას მოყვა განცხადება, რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და რომ თბილისში სამთავრობო დაწესებულებები ევაკუირებულია.

წამყვანის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამმა ბატალიონმა ხელისუფლების დაცვაზე უარი განაცხადა. ”სახალხო მთავრობის წარმომადგენლები მიესალმნენ მათ დაქვემდებარებაში გადასულ შენაერთებს… ბურჯანაძემ მათ მადლობა გადაუხადა ამ პატრიოტული არჩევანისათვის,” – თქვა წამყვანმა.

ამ გამოგონილ ამბავში თეთრი სახლიც ჩართეს და აჩვენეს ”პირდაპირი ჩართვა” ვაშინგტონიდან, სადაც პრეზიდენტი ობამა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად იდგა, ვითომ აკეთებს საქართველოს მხარდასაჭერ განცხადებას. კადრზე დადებულ ქართული თარგმანი ამბობს, რომ ობამა რუსეთს სამხედო კამპანიის შეწვეტისკენ მოუწოდებს.

ვაშინგტონიდან ”პირდაპირი ჩართვის” შემდეგ კვლავ ”ქრონიკის” სტუდია ჩნდება და წამყვანი აცხადებს, რომ ”დაიბომბა” თბილისის აეროპორტი, 31-ე ქარხნის დასახლება, ფოთის პორტი, გორის და სენაკის სამხედრო ბაზები.

ამის შემდეგ წამყვანი, როგორც თავად ამბობს, ”სენსაციურ ინფორმაციას” გადასცემს და ამბობს, რომ ”ნოღაიდელის პრესსამსახურის ცნობით პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია.” თუმცა იქვე დასძენს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ცნობას უარყოფს.

ბოლოს კი წამყვანი ამბობს, რომ თბილისში ”მოხალისეებზე იარაღის გაცემა” დაიწყო, ხოლო მცხეთის მისადგომებთან რუსულ სამხედრო შენაერთებთან ”პირველი შეტაკებები” მოხდა.

”თბილისზე ტოტალური შეტევა ხორციელდება, თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ დროს მთელი მსოფლიო მუნდიალის გახსნას ზეიმობს”, – აცხადებს წამყვანი, რის შემდეგაც გადაცემა სრულდება და კადრში კვლავ ”სპეციალური რეპორტაჟის” სტუდია ბრუნდება.

გადაცემის წამყვანი, ნათია კობერიძე, ამბობს: ”ეს იყო მომავლის ”ქრონიკის” იმიტაცია. მაყურებელს, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდა, ვეტყვი, რომ საბედნიეროდ ეს არ არის დღევანდელი დღის რეალობა. წარმოიდგინეთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში. მაყურებელმა ნახა ყველაზე ცუდი მომავლის ”ქრონიკა”, რომელიც სპეციალურად ”სპეციალური რეპორტაჟისთვის” მომზადდა და შემოგთავაზათ ის, რაც არ უნდა მოხდეს.”

სატელევიზიო კადრი ”სპეციალური რეპორტაჟის” სტუდიიდან.

ამის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და საფრთხეებზე საუბარი სტუდიაში შეკრებილ სტუმრებს შორის გაგრძელდა. მხოლოდ რამოდენიმე მათგანმა, მათ შორის ლაშა ტუღუშმა და დავით ამირეჯიბმა უსაყვედურეს ”იმედს” იმის გამო, რომ გამოგონილი სიუჟეტების მიმდინარეობისას მაყურებელი არ იყო გაფრთხილებული, რომ იქ მოთხრობილი ამბები არ იყო სიმართლე.

ჯერ კიდევ გადაცემა დასრულებული არ იყო, როდესაც დადგმული ”ქრონიკის” დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, ”სპეციალური რეპორტაჟის” სტუდიაში პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე მივიდა.

"მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც გარკვეულწილად აღვშფოთდი გამოშვების პირველივე კადრების დანახვისთანავე. პირადად მე, ანონსად გასული მიმართვა იმის თაობაზე, რომ გამოშვებაში გასული ფაქტები იყო იმიტაცია, არ მომისმენია. აქ მე საქართველოს პრეზიდენტმა გამომგზავნა, რათა გადმომეცა თქვენთვის, რომ როდესაც მსგავსი გადაცემა მაშინ მზადდება, როცა მართლაც არსებობს ასეთი საფრთხეები, წინასწარი მოკლე გაფრთხილების გარდა, მუდმივი გამაფრთხილებელი წარწერა აუცილებელად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის მთელ პერიოდში,”- განაცხადა მან.

მანჯგალაძემ, რომელიც ”ქრონიკის” ყოფილი წამყვანია, ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ტელეკომპანიამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

”ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, ისეთ რთულ მდგომარეობაში, რომ პროვოკაციები მოსალოდნელია. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, შემიძლია თამამად ვთქვა ის, რომ პროვოკაციების საფრთხის მიუხედავად, ისეთი რეალური საფრთხე, როგორიც ნაჩვენები იყო საქართველოს წინაშე დღეს არ დგას,”- განაცხადა მან.

გადაცემის დასრულების შემდეგ, მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს: ”გადაცემის მსვლელობის პირველივე წუთებში დამირეკა პრეზიდენტმა და მითხრა, სასწრაფოდ მოვსულიყავი განცხადების გასაკეთებლად. საქართველოს პრეზიდენტი ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებული იყო იმის გამო, რაც ეთერში გავიდა.”

გადაცემა ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც გამოგონილი სიუჟეტების გაშვებით გაბრაზებული რამოდენიმე ათეული ადამიანი ”იმედის” ოფისთან შეიკრიბა. ზოგიერთი მათგანი კრიტიკული შეძახილებით ხვდებოდა ტელეკომპანიიდან გამოსულ გადაცემის ზოგიერთ მონაწილეს და მათ იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ გადაცემის მსვლელობისას არაფერი თქვეს იმ ფორმაზე, თუ როგორ მოხდა გამოგონილი ამბის გადმოცემა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ”იმედმა” მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი დაარღვია.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ნათქვამია: “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.”

გადაცემის დასრულებიდან დაახლოებით საათნახევარი იქნებოდა გასული, როდესაც, ”იმედზე” გამოჩნდა მორბენალი სტრიქონი სადაც ეწერა: ”ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას ”სპეციალურ რეპორტაჟში” გასული იმიტირებული ”ქრონიკის” გამო, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს.”

”გადაცემის მიზანი იყო რუსეთის აგრესიული მიზნების ხელის შეშლა. ბოდიშს გიხდით, რომ ”ქრონიკის” იმიტაციამ მოქალაქეების შეშფოთება გამოიწვია,” – ნათქვამი იყო ”იმედის” მორბენალ სტრიქონში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button