ახალი ამბები

საქართველოს პოლონეთის თავმჯდომარეობისას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების იმედი აქვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მაისური გადასცა და უთხრა: ”თქვენ ხართ ჩვენი ნაკრების წევრი. ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენთან ერთად გვიხდება მსოფლიო პოლიტიკაში თამაში”. ფოტო: პოლონეთის მთავრობის ვებ-გვერდი


საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს მაშინ, როდესაც პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

პოლონეთი როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2011 წლის 1 ივლისს გახდება.

”თურქეთის ეკონომიკა აყვავდა, როდესაც ევროკავშირთან ასეთი რეჟიმი დაამყარა და ეს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება საქართველოსთვისაც, იმ ასოცირებული შეთანხმების მსგავსად, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს პოლონეთი შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

მან ასევე აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე, რომ საქართველოს შეუძლია პოლონეთის დახმარების იმედი ჰქონდეს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო საკითხებში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ”ევროპაში ყველაზე წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელია”.

”პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთადერთია, რომელსაც გასულ წელს პოზიტიური ზრდა ჰქონდა,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ შევეცდებით, რომ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპებით დაგეწიოთ”. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს 11 მარტს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მან ქართველ კოლეგასთან ნიკა გილაურთან და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button