ახალი ამბები

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ოპოზიცია საკნებს აიღებს

ოპოზიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირების ”დროებით” მოხსნისა და იქ განთავსებული იმპროვიზებული საკნების აღების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამის მიზეზად მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენლებმა, რომელთა აქტივისტებიც იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი ამ ტერიტორიაზე განთავსებულ საკნებში, ბოლო დღეებში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით მათი ექვსი აქტივისტის დაკავება დაასახელეს.

ამასთან, 18 ივნისს ოპოზიციის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ათობით სამართალდამცავმა, ფორმიანებმაც და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულებმაც, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განთავსებული საკნები დაარბიეს. თუმცა პოლიციამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ მოუწია ჩარევა, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და მოპიკეტეებს შორის ჩხუბი მოხდა.

დღეს მოძრაობა ერთიანი საქართველოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციას გააჩნია პიკეტირების გაგრძელების რესურსი და მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – ”გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”.

ბოლო ეტაპამდე ერთადერთი სახელმწიფო შენობა, რომელიც პარალიზებული რჩებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო, რის გამოც პრეზიდენტ სააკაშვილს შსს-ის ახლადაშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში უწევდა მუშაობა. ორთვიანი პარალიზების შემდეგ მუშაობა აღდგა სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტში. ამ ორი უკანასკნელი შენობის სიახლოვეს კვლავ რჩება საკნები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button