ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ეუთოს მანდატის გაფართოვება მოსალოდნელი არ არის







შესაძლოა ეუთომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის
ზონაში დამკვირვებელთა რაოდენობა გაზარდოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 10 სექტემბერს სოფიაში თავის ბულგარელ კოლეგას, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს სოლომონ პასის შეხვდა, როგორც ცნობილია თბილისი უკვე დიდი ხანია მოითხოვს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ეუთოს როლის გაზრდას.

თუმცა, საქართველოს მთავარი მოთხოვნა ეუთოსადმი, რომ გაფართოვდეს ორგანიზაციის მანდატის და მოიცვას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელი ტერიტორია, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში არ განხორციელდება.  მოკლევადიან პერიოდში საქართველომ შესაძლოა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას მიაღწიოს. ეუთოს მანდატის გეოგრაფიული გაფართოებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი საკითხი, ცხინვალსა და თბილისს შორის წინააღმდეგობას არ იწვევს.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო 16 სექტემბრის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციას განიხილავს. კერძოდ, განხილულ იქნება კონფლიქტის ზონაში ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის ხუთიდან ოცამდე გაზრდის საკითხი. ამჟამად, ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები განლაგებულნი არიან ცხინვალის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე.

5-9 სექტემბერს ეუთოში აკრედიტირებული 20 ელჩი ქართული მხარის თხოვნით საქართველოს ეწვია. ეუთოს ელჩებმა მოლაპარაკებები გამართეს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ასევე ეწვივნენ ცხინვალს, სოხუმსა და მოინახულოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებსაც მონიტორინგს 1999 წლიდან ეუთოს დამკვირვებლები უწევენ.
 
ამჟამად, საქართველოს ძირითად მოთხოვნას ეუთოსადმი სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიზე, მათ შორის როკის გვირაბზე, ორგანიზაციის მანდატის გაფართოვება წარმოადგენს. ოფიციალური თბილისის განცხადებით, სწორედ ამ გვირაბის გავლით შემოედინება იარაღი და დაქირავებული მებრძოლები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.
 
ამჟამად, ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები, ისევე როგორც შერეული სამშვიდონო ძალები, რომელიც ქართული, რუსული და ოსური ჯარებისგან შედგება (500 ჯარისკაცი თითოეული მხრიდან) მხოლოდ ე.წ. კონფლიქტის ზონას აკონტროლებენ. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს, როგორც ეს 1992 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.  
 
თუმცა, ქართულ მხარეს სურს, როგორც ერთობლივი სამშვიდობო ძალების, ასევე ეუთოს მანდატის გაფართოება მთელი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ზონის – როკის გვირაბის და ჯავის რაიონის ტერიტორიებზეც. ეს უკანასკნელი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფებების პლაცდარმად არის მიჩნეული.
 
8 სექტემბერს ეუთოს ელჩებისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითს შორის გამართულ შეხვედრაზე, სამხრეთ ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თავისი პოზიცია, რომ ცხინვალი არ დაუჭერს მხარს სამხრეთ ოსეთში ეუთოს მანდატის “გეოგრაფიულ გაფართოებას“, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას კონფლიქტის ზონის შიგნით, ანუ ცხინვალიდან 15-კილომეტრის რადიუსში.
 
ცხინვალის პოზიცია მოსკოვის პოზიციის იდენტურია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ლევ მირონოვმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, 10 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომლის მიხედვითაც “არსებული მანდატის გაფართოვება არაპროდუქტიული იქნება”.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ედუარდ კოკოითმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ეუთო “სრულად ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს“.
 
მან ეუთო ქართული პოზიციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. “ძალიან ხშირად [ერთობლივი სამშვიდობო ჯარებისა და ეუთოს დამკვირვებელთა მიერ განხორციელებული] ერთობლივი მონიტორინგის დროს ეუთოს დამკვირვებლები ხელს აფარებენ ქართული მხარის დარღვევებს კონფლიქტის ზონაში“, განაცხადა კოკოითმა. 
 
მანდატის გაფართოების თაობაზე თავად ეუთოც სიფრთხილეს იჩენს. ამ ეტაპზე ორგანიზაციის პრიორიტეტს კონფლიქტის ზონის დემილიტატიზაცია წარმოადგენს. საქართველოში ეუთოს მისიის განცხადებით, მიუხედავად კონფლიქტის ზონაში აგვისტოს ბოლოდან დამყარებული შედარებითი სიმშვიდისა, სამხრეთ ოსური და ქართული მხარეები განაგრძობენ ტერიტორიების დანაღმვას და სანგრების გათხრას.


ეუთოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის პოლიტიკური საკითხების განხილვა მხოლოდ რეგიონში სიტუაციის სრული სტაბილიზაციის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.


მსგავსი/Related

Back to top button