skip to content
ახალი ამბები

MONEYVAL საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) 7 მაისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აფასებს.

MONEYVAL-ი ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მათ განხორციელებას აფასებს. მისი ბოლო ანგარიშები საქართველოს შესახებ 2020 და 2022 წლებში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ 2020 წლის შეფასების ანგარიშში მოცემული ორმოცი რეკომენდაციიდან ცხრის ხელახლა შეფასება მოითხოვა. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, რომლებიც „ნაწილობრივ შესაბამისი“ ან „შეუსაბამოს“ კატეგორიაშია, ხელისუფლებას მათი ხელახალი შეფასება არ მოუთხოვია. ამ დროისთვის, 7 რეკომენდაციასთან მიმართებით, საქართველო „შესაბამისის“ კატეგორიაშია, 22 რეკომენდაციასთან მიმართებით – „მეტწილად შესაბამისის“, 10 რეკომენდაციასთან მიმართებით – „ნაწილობრივ შესაბამისის“, ხოლო ერთ რეკომენდაციასთან მიმართებით „შეუსაბამოს“ კატეგორიაშია.

რაც შეეხება მე-12 რეკომენდაციას პოლიტიკურად დაუცველი პირების შესახებ, საქართველოს რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ გაუმჯობესდა „შესაბამისის“ კატეგორიამდე. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, რეიტინგები უცვლელი რჩება.

პირველი რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც რისკების შეფასებასა და რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებას ეხება, იგივე დარჩა. „საქართველოს მიერ ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიკაციასა და შეფასებაში გამოვლენილი ხარვეზები და გამონაკლისების გამოყენება გავლენას ახდენს რეიტინგზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეექვსე რეკომენდაციის უცვლელ რეიტინგზე საუბრისას, რომელიც ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს ეხება, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „სერიოზული ძალისხმევა“ გაიღო ტერორისტული აქტივების გაყინვის შესახებ გაეროს ინსტრუმენტებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად. თუმცა, სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შესამჩნევი სისუსტეები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიზნობრივი ფინანსური სანქციების (TFS) განხორციელებას უკავშირდება. ანალოგიურად, ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული მიზნობრივი ფინანსური სანქციების შესახებ მეშვიდე რეკომენდაციის რეიტინგი უცვლელი დარჩა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მე-15 რეკომენდაციის სახელმძღვანელო პრინციპების შესასრულებლად, რომელიც ფოკუსირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების [VASP] საქმიანობის რეგულირებაზე. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გარკვეული საკითხები, როგორიცაა სანქციების გამოყენება და ადეკვატურობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და საერთაშორისო თანამშრომლობა.

22-ე რეკომენდაციის რეიტინგის უცვლელად დატოვების დასაბუთებაში, MONEYVAL რამდენიმე ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო მოთხოვნები უძრავი ქონების აგენტების, სატრასტო და სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მიმართ.

რაც შეეხება 28-ე რეკომენდაციას, დოკუმენტი იმეორებს, რომ არ არსებობს უძრავი ქონების აგენტების, სატრასტო და სერვისების მიმწოდებელი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველობა.

35-ე რეკომენდაციის რეიტინგი უცვლელი დარჩა, მათ შორის იმიტომ, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სანქციები (გარდა საქმიანობის შეჩერებისა) შეიძლებოდა გამოეყენებინათ სალიზინგო კომპანიებისა და იურისტების მიმართ, და არ არსებობდა მტკიცებულება, რომ შესაბამისი სანქციები შეიძლებოდა გამოეყენებინათ ნოტარიუსების მიმართ.

საქართველომ დარჩენილი ხარვეზების შესახებ ანგარიში MONEYVAL-ს 2024 წლის დეკემბერში უნდა წარუდგინოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button