ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არძინბას ბჟანიამ არაფორმალურად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრება აუკრძალა და იგი ოკუპირებული რეგიონის უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.
ჯერ კიდევ თავის პოსტზე მუშაობისას, არძინბამ ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველ არხზე, გადაცემა „გლობალური უმრავლესობის“ წამყვანად დაიწყო მუშაობა. მისმა მონაწილეობამ რუსულ ტელეგადაცემაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
არძინბა ოკუპირებული რეგიონის მთავარი დიპლომატის თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა. მანამდე რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან იგი კრემლში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, იგი დსთ-სთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებში პრეზიდენტ პუტინის მაშინდელი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, თანაშემწე იყო. ამ რანგში, არძინბა უკრაინასთან, მათ შორის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებთან ურთიერთობებს კურირებდა.
2015 წელს უკრაინის პროკურატურამ იეჭვა, რომ არძინბას ძალისხმევით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, კერძოდ კი – ოდესის რეგიონის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეგიონის „ბესარაბიას“ შექმნა იგეგმებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წელს გენერალურ პროკურატურას ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში სურკოვისა და არძინბას მონაწილეობის შესახებ მასალები გადაუგზავნა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა მაშინ, რომ ორივე მათგანი ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენასა და შეკვეთილი მკვლელობების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.
2015 წლის ოქტომბერში, კიევმა არძინბას დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. იმავე წელს, არძინბა უკრაინის მთავარი მტრების სიაში მოხვდა, რომლის სათავეში ასევე არიან – ვლადისლავ სურკოვი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.
განახლება: არძინბას განცხადების თანახმად, რომელიც „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ გაავრცელა, იგი „ახალ სამუშაოზე გადასვლის“ გამო გადადგა და ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება. არძინბამ არ დააკონკრეტა, თუ რა სამუშაოს გულისხმობდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)