skip to content
ანალიზი

ამიხსენი | რა წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსა და რუსეთს შორის ომზე?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს 7 აგვისტოს ეწვია.“ქართული ოცნება” ომის დაწყების წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილისგან განსხვავებით, ვინც მიიჩნევს, რომ ეს რუსული ნარატივია და ომის დაწყების თარიღია 7 აგვისტო, როდესაც, მრავალი ცნობის თანახმად, პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

მმართველი გუნდის პოზიცია

მამუკა მდინარაძემ არ დააყოვნა პრეზიდენტის გაკრიტიკება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კერძოდ, თქვა „7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა რეზოლუციაში, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მაშინ მხარი დაუჭირა… და მასთან იქნა დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები 7 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულში, რაც შემდეგ გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში, მათ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად .… 2014 წლამდე, ვიდრე ეს სასამართლო პროცესები იქნებოდა, მათ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, ისინი 8 აგვისტოს გადიოდნენ საფლავებზე და ამ დღეს იყო მოხსენიების დღე და ტრაგიკულ დღედ მიჩნეული 8 აგვისტო და 2014 წლის მერე შეცვალეს ნარატივი და ახლა ამით რაღაც მანიპულირება უნდათ”.

იგივე გზავნილებს ავრცელებენ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით: „მგონია, რომ სახელმწიფოსთვის ყველა თვალსაზრისით უფრო სასარგებლოც არის 8 აგვისტოს ამ თარიღის აღნიშვნა, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით. შეგახსენებთ რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა. იქ წერია, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამას პასუხად მოჰყვა 8 აგვისტოს რუსეთის რეაქცია“.

ამგვარად, ქართულმა ოცნებამ წინა მთავრობას ბრალი დასდო, რომ მან მხარი დაუჭირა PACE-ს ისეთ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ომის დაწყებასა და თანმდევ დანაშაულებებში დასდო ბრალი.

რა წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ რეზოლუციაში?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები“ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც საუბრობს ომამდე მიმდინარე პროცესებზე, ომის მსვლელობაზე და მის შედეგებზე. რეზოლუციამდე ერთ დღით ადრე საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EU Monitoring Mission/EUMM) დაიწყო. რეზოლუციის მიღება ერთი წლით წინ უსწრებდა ე.წ. „ტალიავინის ანგარიშის“ გამოქვეყნებას.

ვინ დაიწყო ომი?

იმის მტკიცება რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს აზრს მოკლებულია, რადგან რეზოლუცია საერთოდ არ ასახელებს მხარეს რომელმაც დაიწყო ომი, არამედ აღნიშნავს რომ „იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ.“

შესაბამისად „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის აღებაა სიმართლეს არ შეესაბამება.

კასეტური ბომბების გამოყენება

ქართული ოცნების წევრები, ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის მთავრობამ „ხელი მოაწერა“ სამხედრო დანაშაულს და აპელირებენ რეზოლუციის იმ ნაწილებზე, სადაც ნათქვამია: „… 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში…“

ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა რუსულ- ქართული ომის დროს კასეტური ბომბების გამოყენება, მხოლოდ სამხედრო სამიზნების გასანადგურებლად. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო არ ყოფილა მიერთებული კასეტური შეიარაღების შესახებ საერთაშორისო კონვენციას. ასევე, Human Rights Watch-ის ინფორმაციით ქართული კასეტური ბომბის ზემოქმედების შედეგად, სამოქალაქო მსხვერპლი არ გამოვლენილა, ხოლო რუსულ კასეტურ ბომბებს სულ მცირე 11 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილ რეზოლუციის ტექსტში საუბარია, არა “ომის დაწყებაზე”, არამედ „ესკალაციის ახალ ეტაპზე”.

რა წერია რეზოლუციაში რუსეთზე?

რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ქმედებებმა შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ისევე როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ან პირდაპირ შეტევად საქართველოს სუვერენიტეტზე და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად, გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის სახელმწიფოზე.

უფრო მეტიც, რეზოლუცია აკრიტიკებს “საზღვარგარეთ საკუთარ მოქალაქეთა დაცვის” რუსულ პოლიტიკას, გმობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მისი საზღვრების ურღვევობას.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეზოლუციის მე-13 მუხლი, სადაც PACE რუსეთს ქართველების ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელ მხარედ მოიხსენიებს, კერძოდ: „ასამბლეა გამოთქვამს განსაკუთრებით წუხილს სარწმუნო ცნობათა გამო, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური წმენდის ფაქტებს სამხრეთ ოსეთისა და „ბუფერული ზონის“ ეთნიკურად ქართულ სოფლებში, განხორციელებულს უკანონო მილიციისა და ბანდების მიერ, რისი შეჩერებაც ვერ შეძლეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ამასთან დაკავშირებით, ის [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა] აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები, მეტწილად, ჩადენილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ და გრძელდება დღესაც“.

აღსანიშნავია, რომ PACE რეზოლუციით მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრებს „ფორმალურად დაგმონ ეთნიკური წმენდა, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეფექტიან კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე“.

7 თუ 8 აგვისტო?

რეზოლუციის მე-4 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს რომ ომის დაწყების თარიღი არის 2008 წლის 7 აგვისტო, თუმცა აქვე აღნიშნავს რომ „ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე“. აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტო მითითებულია რეზოლუციის პირველივე სამუშაო ვერსიაში, და არ ყოფილა ჩასწორებული რუსეთის ფედერაციის მხარის მიერ.

ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან რუსეთი არ აღიარებს 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, არამედ მათი თქმით „კონტრ-შეტევა“ მხოლოდ 8 აგვისტოს საქართველოს სამხრეთ ოსეთში „შეჭრის“ შემდეგ დაიწყეს. ”მათ [ქართულმა ძალებმა] შეტევა [7 აგვისტოს] 23:30 საათზე დაიწყეს. მე ამის შესახებ მეორე დილას გავიგე“– თქვა პუტინმა 2008 წლის 11 სექტემბერს სოჭში დასავლელ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 7 აგვისტოს ატარებდა და აგვისტოს ომის 4 წლის თავზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი 7 აგვისტოს წლების განმავლობაში ამზადებდა“.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სერიოზული ძალისხმევა გასწია ომის ნარატივის საკუთარი ვერსიის შესაქმნელად, და ასევე იმის მიუხედავად, რომ 2008 წ. 2 ოქტომბრის PACE-ს რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ერთ-ერთი პირველი ოფიციალური დოკუმენტია, აქაც კი ჩანს რუსეთის პასუხისმგებლობა უშუალოდ ომზე, ისევე როგორც მის დაწყებამდე და მის დასრულების შემდგომ მოვლენებზე, ქართველების ეთნიკური წმენდის ჩათვლით. მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ მოიგო სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის საქმეზე და ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ რამდენიმე პირზე.

ქართული ოცნების მიერ იმის მტკიცება, რომ რეზოლუცია საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში საფუძველს მოკლებულია. ამასთან, რუსული მხარისთვის არის ხელსაყრელი რუსული მხარისთვის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადება, რადგან კრემლის მტკიცებით რუსეთი სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ მანამ, სანამ არ მიიღო ცნობები „საქართველოს მხრიდან სამშვიდობოებსა და მშვიდობიან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების შესახებ“.

მასალა მოამზადა ნანა ჭანტურიამ (Civil.ge)

მსგავსი/Related

Back to top button