ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ანტილგბტ კანონის გაუქმებისკენ ევროკავშირის მოწოდებას აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა ევროკომისიის მოწოდებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისადმი ანტილგბტ კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის განცხადებებს, რომ ასეთი მოთხოვნა არ იქნებოდა დაყენებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ 21 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავის დროზე „მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა“ კანონები „ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ“.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“, – აცხადებს საპატრიარქო.

This post is also available in: English

Back to top button