
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობამ 2024 წელს 3.9 მილიონი შეადგინა
2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ 3.91 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით დაახლოებით 200 000-ით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
ქალები მოსახლეობის 53%-ს (2.08 მილიონი) შეადგენენ, ხოლო მამაკაცები 47%-ს (1.83 მილიონი).
თბილისი კვლავ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიად რჩება 1.33 მილიონი მოსახლით, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 34%-ს შეადგენს.
თბილისს გარეთ, ყველაზე მეტი მოსახლეობა იმერეთის რეგიონს ყავს – 505,500, ანუ მთლიანი მოსახლეობის 12.9%. მას მოსდევს ქვემო ქართლი 438,400-ით (11.2%) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 401,100-ით (10.2%).
სამეგრელო-ზემო სვანეთში 309,100 მოსახლეა (7.9%), შემდეგ მოდის კახეთი 301,400-ით (7.7%) და შიდა ქართლი 250,600-ით (6.4%). სამცხე-ჯავახეთში 152,300 (3.9%) ცხოვრობს, გურიაში – 100,800 (2.6%), მცხეთა-მთიანეთში – 95,700 (2.4%), რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 28,900 (0.7%).
აღწერის საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
This post is also available in: English