
ევროპარლამენტარი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი და გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი დაესწრნენ. სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა გივი ჩხარტიშვილი, სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე შეამოწმა. ამაღლობელს დგებუაძისთვის სახეში გარტყმა ედება ბრალად და სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლენა შილინგის კომენტარი
სასამართლო სხდომამდე ლენა შილინგმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ამაღლობელის დაპატიმრება „საქართველოში ჩაგვრის სიმბოლოა. მზია კრიტიკული ჟურნალისტობისთვის არის გასამართლებული. და ეს ყველა ჩვენგანს უნდა აშფოთებდეს“.
„ის არ არის გასამართლებული რაიმე დანაშაულისთვის. ის გასამართლებულია ინფორმაციის გავრცელებისთვის, ხმის ამოღებისთვის, უსამართლობის წინაშე დუმილის შენარჩუნებაზე უარისთვის. სწორედ ამიტომ ვიქნები ბათუმში: მასთან და საქართველოში ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, მას მიაჩნია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. „მაგრამ ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებსა და პრესის თავისუფლებას, მას ევროკავშირში ადგილი არ აქვს. როდესაც ჟურნალისტები დაპატიმრებულები და გაჩუმებულები არიან, თავად დემოკრატია საფრთხეშია“. ევროპარლამენტარმა დასძინა: „როგორც ევროპარლამენტის წევრი, მე იქ ვიქნები, რომ ვთქვა: ევროპა გიყურებთ. ჩვენ თვალს არ მოგაცილებთ“.
სამედიცინო ექსპერტის ჩვენება
სასამართლოს წინაშე გამოსვლისას, ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ დგებუაძე უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურთან, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მისი გასინჯვის დროს მექანიკური დაზიანების რაიმე თვალსაჩინო ნიშნები არ დაფიქსირებულა.
ჩხარტიშვილმა დასძინა, რომ არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე. მან განმარტა, რომ „ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი“. როდესაც ბრალდების მხარემ რამდენჯერმე დაუსვა იგივე კითხვა, ჩხარტიშვილმა კვლავ თავისი ვერსია გაიმეორა.
სასამართლო დარბაზის გარეთ მომიტინგეები, ჟურნალისტები და ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და დაკავებული ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად სკანდირებდნენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
წინა სხდომებზე სასამართლომ ბრალდების რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინა, მათ შორის თავად დგებუაძის. როდესაც ამაღლობელმა 8 მაისს გამართულ სხდომაზე ჰკითხა, თუ რა დონის ზიანი ამართლებდა ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ბრალდებას, დგებუაძემ უპასუხა, რომ არ სურს მისი პატიმრობა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაული კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. დგებუაძემ სასამართლო დარბაზი შეძახილებისა და დამსწრე საზოგადოებას შორის ხმაურის ფონზე დატოვა.
სისხლის სამართლის საქმის გარდა, 7 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რომელიც მუნიციპალური საზღვრების ფარგლებში ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას ეხება. ეს მოყვა მის თავდაპირველ დაკავებას 11 იანვარს პოლიციის განყოფილებასთან საყოველთაო გაფიცვის მოწოდების შემცველი სტიკერის გაკვრისთვის.
28 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/04/2025 – საია მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიებას „არაეფექტურს“ უწოდებს
- 17/03/2025 – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- 20/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა
- 16/01/2025 – სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- 14/01/2025 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
This post is also available in: English Русский