
დავითაშვილი აშშ-ს სტუმრობს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
„ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 22-23 აპრილს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრების ფარგლებში დავითაშვილმა მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან ალფონსო გარსიასთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ორ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
დავითაშვილის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქართულმა გამოცემა globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტს შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი უპასუხა, რომ დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აშშ-მა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან
22 აპრილს დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
დავითაშვილის თქმით, მხარეებმა განიხილეს ძირითადი სტრატეგიული ინიციატივები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემას დააკავშირებს, ასევე ინტერნეტიზაციის პროგრამა საქართველოს მასშტაბით.
„ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და ზოგადად პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რომელიც საქართველოს ზოგადად კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ დიდ როლს, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ამავე პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.
შეხვედრა IFC-ის ვიცე–პრეზიდენტთან ალფონსო გარსიასთან
23 აპრილს დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს ალფონსო გარსიას შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, შუა დერეფნის შემდგომი განვითარება და სხვ.
დავითაშვილმა განაცხადა, რომ კორპორაცია ქართულ მხარესთან კოორდინაციით განიხილავს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით საქმიანობას, რომელთა შორისაა მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით. მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით საქართველოში არსებული ბანკები განახორციელებენ.
„მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები – ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. კიდევ მიმართულება, სადაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა. მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე.
შეხვედრა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან აშოკ პინტოსთან
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილის აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ამავე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. „ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობას, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და სტარტაპებზე.
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, დავითაშვილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა და ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია“.
ჯოშუა ჰაკი საქართველოს დემოკრატრიულ უკუსვლას მწვავედ აკრიტიკებდა. 2024 წლის 23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მან შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზაციის მცდელობებისა და შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. მან ხელისუფლებას კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, რომელიც „ქვეყნის ანტიდემოკრატიული ცვლილების სიმბოლოა“ და თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოში უფროს დირექტორთან ენდრიუ პიკთან
26 აპრილს, ლევან დავითაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა.
„თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმტყველი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან… გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი“, – განაცხადა დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ფორმალურად შეჩერდა. არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება“.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს შეჩერებული შეთანხმების აღდგენის განხილვის საკითხი საჯაროდ არ დაუდასტურებიათ.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეჩერდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
შეხვედრა აშშ-ის Exim Bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან
26 აპრილს, ლევან დავითაშვილი აშშ-ის Exim Bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტს ჯიმ ბაროუზს შეხვდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს.
ამავე პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამერიკული საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. „საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაზე. „ითქვა, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჰაბის ფუნქციის შესრულება უფრო აქტიურად შეუძლია, მათ შორის, ამერიკული პროდუქციისთვის“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. „შეხვედრაზე Exim Bank-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოს მხარესთან იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/04/2025 – თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
- 23/12/2024 – საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ირაკლი კობახიძე ბიზნესლიდერებს შეხვდა
This post is also available in: English Русский