
კობახიძე დასავლეთს 4 ოქტომბრის არეულობის შემდეგ „დამხობისა და ძალადობის“ ირიბ მხარდაჭერაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ქვეყნის დასავლელი პარტნიორები, მათ შორის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იმის გამო, რომ მათ 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარი არეულობა არ დაგმეს, და განაცხადა, რომ მის დაგმობის უგულებელყოფით, მათ „ირიბად, მაგრამ მკაფიოდ“ დაუჭირეს მხარი ხელისუფლების „დამხობასა და ძალადობას“.
„უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტურმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო”, – განაცხადა კობახიძემ 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
„თუმცა, ამ დღეების განმავლობაში არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებაზე და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია – მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს – არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე“, – განაცხადა მან.
„მეტიც, ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადებების გაკეთებაც კი იკადრეს“, – განაგრძო მან. „ბუნებრივია, დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება“.
„ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP-ის) დღევანდელი განცხადება ადასტურებს“, – აღნიშნა.
ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), თავის განცხადებაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს „ოლიგარქი“ უწოდა, 4 ოქტომბრის არჩევნები „ყალბ არჩევნებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე „საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა“ დაფიქსირდა და მას ძირითადი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებდნენ „რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე“.
„იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს“, – განაცხადა კობახიძემ.
„EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ“, – დასძინა მან.
მისი თქმით, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც „ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება“.
„ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის მანძილზე და განსაკუთრებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მან.
ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, კობახიძემ კიდევ უფრო გაამკაცრა ანტი-ევროპული რიტორიკა, როდესაც განაცხადა, რომ „ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა. არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს“.
მან ვაშინგტონის მისამართით განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ნამდვილი ინტერესების შესაბამისად და დასძინა, რომ ამის ყველაზე მარტივი დასტური მთავრობის დამხობის მცდელობის დაგმობა იქნება.
This post is also available in: English