
ოპოზიციის წევრი გახარიაზე თავდასხმის დაფარვაში სასტუმრო „შერატონის“ შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს
ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა „ფეისბუქის“ პოსტში დაწერა, რომ მას ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ უთხრეს, რომ აღარ აქვთ 15 იანვარს, პარტიის ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის ასლი. მეზვრიშვილი კადრების „განადგურება-ფალსიფიკაციასთან“ დაკავშირებულ ეჭვებს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამ პროცესში, სავარაუდოდ, სასტუმროც და მთავრობაც მონაწილეობდა.
მეზვრიშვილი სასტუმროს მტკიცებულებების დამალვის საქმეში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სასტუმრომ თავდაპირველად დაარწმუნა, რომ ვიდეო კადრების ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი, თუ განჩინებით მას გამოძიება წაიღებდა. „ეჭვი გვქონდა, რომ გამოძიებასთან ლაგდებოდნენ და შესაძლოა სერვერებიანად გაეტანებინათ და ეთქვათ, რომ აღარ აქვთ. ასეც მოხდა. რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ ასლი აღარ აქვთ“, – წერს მეზვრიშვილი. „ვინჩესტერით კადრების გატანების არანაირი მიზეზი არ არსებობდა, გარდა ერთისა – განადგურება-ფალსიფიკაცია“.
მან გამოძიების გაჭიანურების გამოც გამოთქვა შეშფოთება და აღნიშნა, რომ „გამოძიება პრაქტიკულად გვემალება გახარიას გამოკითხვაზე, რისი სურვილიც გუშინ გამოვხატეთ“.
„ჯერ შსს-ს გამომძიებელმა ზუსტად 3 საათი გვალოდინა პასუხზე გამოკითხავდნენ თუ არა. 3 საათის თავზე ვიგებთ, რომ საქმე პროკურატურას წაუღია. პროკურორს ვუფიქსირებთ იგივე მოთხოვნას. ველოდებით დილამდე. დღეს დილით პროკურორი იკარგება და ახლახანს დღეს აღებული განჩინებით მირბიან შერატონში ჩანაწერების პრაქტიკულად გასატაცებლად“, – აცხადებს მეზვრიშვილი.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერსა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას 15 იანვარს ღამით, ბათუმის სასტუმრო შერატონში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, ასევე მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები. გიორგი გახარია ცხვირის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის პარტიას მიაჩნია, რომ თავდასხმა „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო. ნათია მეზვრიშვილმა თავდასხმაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და გახარიას წინააღმდეგ ანგარიშსწორების შესახებ ივანიშვილის ადრინდელი გაფრთხილებები გაიხსენა. გახარიამ „ქართული ოცნება“ 2021 წელს დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.
მეზვრიშვილმა ადრეც გამოთქვა იმედგაცრუება საგამოძიებო პროცესით და შეშფოთება გამოხატა სასტუმრო „შერატონის“ ქმედებებთან დაკავშირებით. 18 იანვარს მეზვრიშვილმა სასტუმრო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „თავდაპირველად, სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებები, ახლა კი, სავარაუდოდ, ანადგურებენ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ თავდასხმის კადრებს“. იმავე დღეს მეზვრიშვილმა აღნიშნა: „საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ სასტუმრო „შერატონმა“ ჯერაც ვერ წარმოადგინა სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლის კანონიერი უფლებაც გახარიას აქვს. სასტუმროს ეს ქმედება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი მენეჯმენტის კეთილსინდისიერებისა და სტუმრების უსაფრთხოებისა და დაცულობის უსაფრთხოების თაობაზე“.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/01/2025 – გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეს ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ
- 22/10/2024 – ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ არჩევნების წინ
- 29/04/2024 – ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურ პოლიტიკას ემხრობა და რეპრესიებით იმუქრება
- 17/02/2023 – გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს და ენმ-ს აკრიტიკებს და საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)