
ჩხრეკის დროს პოლიციამ ქალები, სავარაუდოდ, გააშიშვლა და გაუპატიურებით დაემუქრა
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტივისტმა ნენსი ვოლანდმა განაცხადა, რომ 1 თებერვალს მისი სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ აიძულა ის გაშიშვლებულიყო. ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ვოლანდის შემთხვევა ერთდაერთი არ არის.
„ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო“, – წერს ვოლანდი „ფეისბუქზე“ 6 თებერვალს. მისი სახლის ჩხრეკისას, მას ემოციური სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა დეტალები უცნობი იყო, სანამ ისინი მან თავად არ გაასაჯაროვა. ვოლანდმა ასევე განაცხადა, რომ იგი აპირებს „ცოტახანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო“.
ვოლანდი ფეისბუქ ჯგუფის „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჯგუფში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საჭირო ინფორმაცია ვრცელდება. ჯგუფის დამფუძნებლების სახლები უკვე რამდენჯერმე გაჩხრიკეს. ზოგიერთი მათგანი დააკავეს კიდეც.
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ქალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ“. მისი თქმით, „ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ“. მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის მსგავსი ქმედებები „უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია“. ლომჯარიამ მოუწოდა ქალებს არ შეასრულონ ასეთი ბრძანებები და მოითხოვეთ სპეციალური დეტექტორით შემოწმება.
კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც 13 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ დააკავეს, სადაც პროტესტის ფონზე მოსამართლეთა კორპორატიული ღონისძიება იმართებოდა, განაცხადა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში, რომ მას უბრძანეს სრულად გაშიშვლება იზოლატორში. იგი ამბობს, რომ არ იცოდა, რომ ეს უკანონო იყო და მიიჩნია, რომ ეს იყო უბრალო „პროცედურა“, რომელიც, მისი თქმით, „ძალიან შეურაცხმყოფელი“ და „ძალიან უსიამოვნო“ იყო.
ეს ისტორიები ახლახანს გავრცელდა სოციალურ მედიაში, სადაც ქალები იხსენებენ, როგორ მოექცა მათ პოლიცია საპროტესტო აქციებზე, განსაკუთრებით თბილისი მოლთან 2 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს და შემდგომ მსვლელობისას, როდესაც პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში მათ მიყვებოდნენ თბილისი მოლიდან რუსთაველის გამზირამდე და თან სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)