ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ არჩევნების წინ
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა და რიგი საკითხები მიმოიხილა. 1.5 საათიანი ინტერვიუ განიხილება როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მცდელობა, უშუალოდ ესაუბროს მმართველი პარტიის ამომრჩევლებს და მათი მობილიზება მოახდინოს.
ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა გლობალური ომის პარტიის განზრახვაზე, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის წინააღმდეგ „დე ფაქტო სანქციებზე“. მან დაგმო ლიბერალური იდეოლოგია და ოპოზიცია, და განაცხადა, რომ დასავლეთთან ურთიერთობა უკრაინის ომის დასრულების შემდეგ აღდგება. სხვა საკითხებთან ერთად, ივანიშვილმა ოპოზიციის აკრძალვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ივანიშვილმა საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით დაიწყო. „განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია, ასე ვერ ვიტყოდი“, – განაცხადა მან ეუთო/ოდირის შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც მან შეფასა როგორც „საკმაოდ პოზიტიური“.
”[დასავლეთის განცხადებები] შეიცავს შანტაჟს,” – განაგრძო ივანიშვილმა და გლობალური ომის პარტია ოპოზიციასთან კოორდინაციაში დაადანაშაულა. თუმცა, მისი თქმით, ამ განცხადებებმა არ იმუშავა, რადგან საზოგადოება უფრო გაღიზიანდა ამ განცხადებებით. რაც შეეხება აშშ-ის სანქციებს, მან იგივე გაიმეორა, რომ ამას კონტრეფექტი ჰქონდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო შანტაჟი, რომელიც ეფუძნება არაობიექტურ ინფორმაციას. რაც შეეხება მის წინააღმდეგ შესაძლო პერსონალურ სანქციებს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთისგან შემდგომ ნაბიჯებს არ ელოდება.
შემდეგ მან ხელისუფლება და ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ, „სამწუხარო რეალობის“ შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ადამიანები ქართულ ოპოზიციასთან არიან კოორდინაციაში.
მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ყოველი დღე, სანამ ომი არ დამთავრდება იქნება ძალიან დაძაბული. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას ქვეყნის ირგვლივ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ინტერვიუს განმავლობაში ივანიშვილმა რამდენჯერმე დაგმო ლიბერალური და „ფსევდო-ლიბერალური“ იდეოლოგია და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ხალხის შეცდომაში შეყვანა, მათი „ვირტუალურ რეალობაში“ დარწმუნება და „განსხვავებული აზრის ჩახშობაა“. ივანიშვილმა თქვა: „ეს განცხადებები, რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას… ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია“, რაც, მისი თქმით, ევროპაშიც კი არ არის. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ვერ შეძლებენ საქართველოში ვირტუალური რეალობის შექმნას და დასძინა, რომ არჩევნების დღეს ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება.
საქართველოს წინაშე არსებული რისკები
ივანიშვილმა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და დაადანაშაულა ნატოს „რეალუირი კოორდინატორები“ იმაში, რომ „მათ არ ჰქონდათ რეალურად სურვული უკრაინის და საქართველოს მიღების, ელემენტარული მიზეზის გამო“. მიზეზი, მისი თქმით, ის იყო, რომ„მათ იცოდნენ და თითქოსდა უკვე მაშინ დაგეგმეს „მეორე ფრონტის გახსნა“.
ივანიშვილმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო პირდაპირ არ არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ ომში და მხოლოდ იარაღითა და ფულით ეხმარება. მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევა უკვე 2008 წელს იყო დაგეგმილი და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველო ნატოში არ მიიღეს. „ჩვენ კარგი რეპეტიცია გაგვატარა სააკაშვილმა ამ ფონზე და 2008-ში უკვე პირველ ომში ჩაგვრთო“, – განაცხადა მან.
ივანიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაც კი დაუკავშირა „მეორე ფრონტის“ ნარატივს და აღნიშნა, რომ მისი გადადგომა უკრაინაში ომის დაწყებას დაემთხვა და გაკეთდა ქართული ოცნების ხელისუფლების დასამხობად და ძალაუფლებაში იმ ძალების მოსასვლელად, რომელიც მაშინვე ომში ჩაითრევდა საქართველოს. მან ასევე განაცხადა, რომ ეს მცდელობები დღესაც გრძელდება და რომ ეს არის მთავარი მცდელობა, რომლის მიმართაც საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს.
გარდა ამისა, ივანიშვილმა ასევე ახსენა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ეს რეგიონიც საქართველოსთან ახლოსაა: „ეს არის ის დიდი საფრთხეები, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ჩვენ გვჭირდება უაღრესად დიდი სიფხიზლე, რომ რამე გადაცდომა არ დავუშვათ, თორემ, მივიღებთ უბედურებას, რომელიც შეიძლება, ვეღარასდროს გამოვასწოროთ“.
„დე ფაქტო“ სანქციები
აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილი პრიორიტეტს ანიჭებს თავის ფინანსურ ინტერესებს, ვიდრე სახელმწიფოს, ივანიშვილმა ეს განცხადება უარყო და განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ხდება მასზე „დე ფაქტო“ სანქციების დაკისრება.
მისი თქმით, უკრაინის ომიდან ორი კვირის შემდეგ, მისი უცხოური აქტივები დააყადაღეს, მათ შორის ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი, რომლებიც, მისი თქმით, გერმანიიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ წამოიყვანა. მან ასევე განაცხადა, რომ გადარჩენილი აქტივები შვეიცარიის ბანკში გადაიტანა. შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ფულადი პრობლემების შესახებ, სამართლებრივი პროცესი აღწერა და განცხადა, რომ მას თავის ფულზე წვდომა წელიწადნახევარი არ ქონდა. მისი თქმით, მისი გაჭიანურებული სამართლებრივი პროცესები და ფულზე შეზღუდული წვდომა მის წინააღმდეგ დასავლეთის კრიტიკულ განცხადებებს დაემთხვა.
მისი თქმით, ის უარს ამბობდა ამერიკულ მხარესთან შეხვედრაზე „კომპლექსის“ გამო. მან ასევე განაცხადა, რომ „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, სანამ მისი წვდომა ფინანსებზე შეზღუდულია. ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა „კომპლექსი“: „შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი“. მან იქვე დასძინა, რომ თუ ხელოვნური სანქციები მოიხსნება, მაშინ იგი გათავისუფლდება ამ კომპლექსისგან. „მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს“.
ურთიერთობების გადატვირთვა
„ვფიქრობ, ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი“, – განაცხადა ივანიშვილმა კითხვაზე, თუ როგორ ხედავს საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას პარტნიორებთან. მისი თქმით, „ომმა გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“. მან იმედი გამოთქვა, რომ ომი რამდენიმე თვეში, „შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს“ და რომ ეს აისახება პარტნიორებთან ურთიერთობაზე.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახლა, როცა მისი ფინანსური პრობლემები აღარ არსებობს, არჩევნების შემდეგ გეგმავს აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, რაც მან ელჩს უკვე გადასცა. მან აღნიშნა, რომ ელჩის რეაქცია იყო „ძალიან ჯანსაღი“ და იმედი გამოთქვა, რომ მას არჩევნების შემდეგ შეხვდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-შიც მალე იქნება არჩევნები და დასძინა, რომ საქართველოსთვის ამერიკა ყოველთვის პრიორიტეტი იყო. მისი თქმით, გადატვირთვა რომ მოხდეს, საქართველოს დასჭირდება აშშ-ის საპასუხო ნაბიჯები.
„ქართული ოცნების“ გეგმები: ოპოზიციის აკრძალვა
კითხვაზე, რატომ დადგა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის საკითხი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში მხოლოდ ახლა, ხელისუფლებაში მოსვლიდან თორმეტი წლის შემდეგ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიზეზი ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესი და „რესურსების ნაკლებობაა“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებზე საუბრისს, მან ასევე განაცხადა, რომ თანაცხოვრების მოლოდინი იყო და არავის დაპატიმრება და გასამართლება იგეგმებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ ქართული ოცნების გუნდი გახდა „უფრო გამოცდილი“ და „უფრო აგრესიული, კარგი თვალსაზრისით“ ოპოზიციის მიმართ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შედეგად.
ამ პროცესებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა, რომელიც მან არ დასახელა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლა. ივანიშვილის თქმით, ერთმა ოფიციალურმა პირმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა: „თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ იმ ძალების „მონად გადაიქცა“, რომლებიც საქართველოს ომისთვის ამზადებენ. მან გააკრიტიკა პარტიები „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რომლებმაც, მისი თქმით, „მშვენივრად იციან ნაცმოძრაობის მიზნები“ და ამიტომ ისინი „უფრო სახიფათოები“ არიან. „თუ ეს ძალა არ მოვაშორეთ ქვეყანას, ნახეთ 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში, რაც ხდება – მუდმივი რევოლუციური სიტუაცია“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთის მხრიდან არჩევნებში „უპრეცედენტო“ ჩარევის მომსწრეა.
ინტერვიუს დროს ივანიშვილმა განსაკუთრებით გააკრიტიკა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მას „გარეწარი“ უწოდა, ხოლო მისი გუნდის წევრებს გასამართლებას დაპირდა, რადგანაც მის გვერდით დგომისთვის „მკაცრ სასჯელს იმსახურებენ“.
„არავისზე აგრესია არ გვაქვს, ჩვენ აგრესიულად ვიცავთ უკვე საკუთარ თავს, ხედავთ რამდენად დიდი ძალა გვებრძვის გარედან, აი ეს არის, რომ მოვახერხეთ გუნდის გამკაცრება და საზოგადოების გათვითცნობიერება, მე მგონი საზოგადოებამაც ძალიან ბევრი დაინახა და გაგებით ეკიდება ამ პროცესებს, მე ამას თვალს ვადევნებ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ“, – განაცხადა მან.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „პატრიოტული“ და „გამჭვირვალე“ ძალაა. „თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს აქვს სურვილი, მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი – ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია. ამის მსგავსი ძალა მეორე, გარეთ, აღარ ჩამოყალიბდება, რადგან ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ჩვენთან ნახულობს ადგილს”, – განაცხადა მან.
ივანიშვილის თქმით, როგორც კი ოპოზიციური ძალა დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს „ქართულ ოცნებას“ უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რადგანაც არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს.
„როგორც კი, ეს ძალა გაიწევა უამრავი ოპონენტი გაუჩნდება „ქართულ ოცნებას“ და მე ამ დღეს ველოდები ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რომ არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს, კარგსა და უკეთესს შორის… ეს ხომ არჩევნები არაა, „ქართული ოცნება“, რომელიც, რომ იტყვიან, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ საოცარი მიღწევები გვაქვს მართლაც, მოდის ბოროტი ძალა ენერგია არ იშრიტება იმიტომ, რომ უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ლგბტ პროპაგანდა
„ლგბტ პროპაგანდაზე“ საუბრის კონტექსტში, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ შეუტია ოპოზიციას იმის გამო, რომ ანტი-ლგბტ კანონის მიღების დროს, მან საპარლამენტო ბოიკოტის მოტივით საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ორგიები ქუჩებში“, რომელიც შეიძლება სხვებისთვის ნორმალურად ჟღერდეს, იწყება სექსუალური უმცირესობებისთვის ქუჩაში გამოსვლის უფლების მინიჭებით. მისი თქმით, დასავლეთში ბევრი მაგალითია, სადაც ქალს არ ეძახიან ქალს და კაცს არ ეძახიან კაცს.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის იდეა არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს კაცია თუ ქალი. მან პედოფილების პრობლემა ლგბტ ადამიანებთან გაათანაბრა, დაგმო სქესის შეცვლის ოპერაცია და ბევრი სხვა ჰომოფობიური განცხადება გააკეთა ლგბტ თემის წინააღმდეგ.
ბოდიში ომისთვის
გაამართლა რა 2008 წლის ომისთვის ბოდიშის მოხდაზე ადრე გაკეთებული განცხადება, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის აღშფოთების მიზეზი იყო ივანიშვილის მცდელობა „გადაეფარა მისი დანაშაულები“. აღნიშნა რა, რომ შერიგებისთვის ბოდიშის მოხდა აუცილებელია, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მის სიტყვებს ისე ატრიალებს, თითქოს ივანიშვილს რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა სურდა. მან ოპოზიცია გარედან ბრძანებების შესრულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიციას არ სურს შერიგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ოპოზიციის კამპანია და არჩევნების შედეგები
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია „პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად“. მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს საარჩევნო პროგრამა და მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკითაა დაკავებული.
ივანიშვილმა ოპოზიცია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ არჩევნები მათ ევროპულ გზასა და „ქართული ოცნების“ რუსულ გზას შორის არჩევანის სახით ჩამოაყალიბეს. მან ოპოზიცია სამშობლოს დავიწყებასა და სხვაგან ფოკუსირებაში დაადანაშაულა. „მათ ქვეყანა არ უყვართ, უსამშობლოები არიან“, – დასძინა ივანიშვილმა.
სამოქალაქო საზოგადოება
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან სიტყვის „სტიგმატიზაცია“ მნიშვნელობა არ იცოდა და პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ აუხსნა. მან ეს კომენტარი რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც, როგორც სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, მის სტიგმატიზაციას ახდენს.
ივანიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა სსო-ების მუშაობის მიზნები და განაცხადა, რომ თუ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, უნდა იამაყონ და წინააღმდეგობა არ გაუწიონ გამჭვირვალობის მოთხოვნას. მან ახალგაზრდები გააკრიტიკა, რომლებიც კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და აღნიშნა, რომ ეს არის „ფსევდო-ლიბერალური“ იდეოლოგიის ბრალია, რომელიც ახალგაზრდებს ანალიტიკურ აზროვნებას არ ასწავლის.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არა რუსულს, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობას ეფუძნება.
26 ოქტომბრის არჩევნები
ივანიშვილმა ხაზი გაუსვა მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სიტუაცია ახლა ძალიან რთულია.
მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემისკენ მოუწოდა. მან პირობა დადო, რომ მომავალში მათ ნამდვილი ოპოზიცია ეყოლებათ, რათა აირჩიონ „კარგსა“ და „უკეთესს“ შორის”, რისი ფუფუნებაც, მისი თქმით, ქართველებს ახლა არ აქვთ.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/10/2024 – ზურაბიშვილი Politico-ს: ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან შესაძლოა უფრო მჭიდრო გახდეს
- 01/10/2024 – ივანიშვილი უარყოფს აშშ-ის მიზანში ამოღებას, „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებისა და „რეპუტაციული ზიანის“ შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)