
სალომე ზურაბიშვილი: „საქართველო შეიძლება იყოს დიდი წარმატება ან დიდი პრობლემა ამერიკისთვის“
19 იანვარს Fox News-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის გავლენისა და „მარიონეტული მთავრობის“ საფრთხის წინაშე დგას. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონის მიმართ ყურადღების განახლებისკენ მოუწოდა და საქართველოს „საკვანძო“ როლს გაუსვა ხაზი.
ზურაბიშვილმა აშშ-სთან საქართველოს ისტორიულ კავშირებსა და კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებზე ისაუბრა. „საქართველო შეიძლება ხვალ იყოს ამერიკის დიდი წარმატება ან შეიძლება დიდი პრობლემა იყოს ამერიკისთვის კავკასიის რეგიონში“, განაცხადა მან.
აშშ–საქართველო
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა საფრთხეები მოყვება საქართველოს ხელისუფლების დაახლოებას რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არის ამერიკის სტრატეგიული ინტერესის დაკარგვა კავკასიის ამ ცენტრალური რეგიონის მიმართ“ და დასძინა, რომ ეს საზიანო იქნება აშშ-ის ინტერესებისთვის უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონში.
მან განმარტა, რომ კრემლის ტაქტიკა ახლა მოიცავს არჩევნების გაყალბებას და საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და რუმინეთი„მარიონეტული რეჟიმების“ დასმას. „რუსეთი ახალ სტრატეგიას ცდის საქართველოსთან და, საბოლოოდ, რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რაც გულისხმობს ამ ქვეყნების ხელში ჩაგდებას გაყალბებული არჩევნებისა და საკუთარი მარიონეტული რეჟიმების დასმის გზით. მას არა დემოკრატია და კონსტიტუციები, არამედ მხოლოდ ერთგული რეჟიმის არსებობა აინტერესებს“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღები იყო, ვინაიდან „ის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესებს, ენერგეტიკურ ფესვებს, სავაჭრო ფესვებსა და ფესვებს ცენტრალური აზიის მიმართულებით“. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების საყრდენი იყო. „ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“.
მან იმ პოტენციური რისკების შესახებაც გააფრთხილა, რაც საქართველოს მთავარი შავი ზღვის პორტების ჩინეთის ხელში მოხვდებას მოყვება იმ გეგმების მიხედვით, რომლებიც, მისი თქმით, ახლანდელ „დე-ფაქტო ხელისუფლებას“ აქვს.
გზავნილი აშშ–ის ახალ პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას
ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე მოუწოდა აშშ-ს გააგრძელოს საქართველოსადმი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მთავრობა ქართველ ხალხს დაუდგება გვერდით და არა ამჟამინდელ რეჟიმს, რომელსაც, მისი თქმით, არ აქვს ლეგიტიმაცია და არღვევს კონსტიტუციას. „არასოდეს არ უნდა მოხდეს ადამიანების გაწირვა იმ მთავრობებთან ურთიერთობის სასარგებლოდ, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ“, – ხაზგასმით აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სამუშაო ვიზიტის დროს ზურაბიშვილი 18 იანვარს წინასაინაუგურაციო მიღებას დაესწრო, სადაც ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წამყვან წევრებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოს და თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ პიტ ჰეგსეთს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში ეს შეხვედრები შეაფასა როგორც პირველი ნაბიჯები საქართველოს წარსადგენად და ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტების დასამყარებლად. „ის, რის მიღებასაც ვცდილობდი მისგან [მარკო რუბიოსგან] იყო დაპირება, რომ შევძლებდი შეხვედრას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ რუბიოსთან და გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე მან გამოთქვა იმედი, რომ „საქართველო არ გახდება მათი ერთ-ერთი პრობლემა, არამედ იქნება მათი ერთ-ერთი გამოსავალი“.
ზურაბიშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი საფრანგეთში, 2024 წლის 8 დეკემბერს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დახმარებით აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, მან ეს შესაძლებლობა იმისთვის გამოიყენა, რომ ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის აუცილებლობისთვის. სალომე ზურაბიშშვილმა გააფრთხილა, რომ მიმდინარე არეულობები შესაძლოა სრულმასშტაბიან კრიზისში გადაიზარდოს. საპასუხოდ, ზურაბიშვილის თქმით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება აშშ-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და განაცხადა, რომ ის „აფასებს საქართველოს მეგობრობას აშშ-სთან“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება მაშინ, როცა საქართველოს ეს დასჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რა სურს მას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გადასცეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სატელეფონო საუბრის ან შეხვედრის დროს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ხელები შორს საქართველოსგან! ხელები შორს კავკასიისგან! ის ვერ გახდება კვლავ რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი იმიტომ, რომ ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესია…“ მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის „ქვეყანა, რომლის საზოგადოებაც არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც სურს იყოს ღირებულებების საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ევროპა და აშშ წარმოადგენენ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/01/2025 – სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ვაშინგტონში იმყოფება
- 01/01/2025 – საახალწლო მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს
- 29/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა
- 19/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: რუსეთი საარჩევნო ომის სტრატეგიას იყენებს
- 18/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)