
„მე ვრჩები პრეზიდენტად”, ამბობს სალომე ზურაბიშვილი და დასავლეთისგან უფრო მტკიცე პოზიციას ითხოვს
27 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიტანულ პოდკასტში The Rest is Politics გამოჩნდა, რომელსაც ალასტერ კემპბელი და რორი სტიუარტი უძღვებოდნენ. ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ ჩაატარა, არავალიდურია და ის რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ზურაბიშვილმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავონ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და გააფრთხილა, რომ რუსეთი საქართველოში ჰიბრიდული ომის ახალ სტრატეგიებს ცდის.
კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს მას 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციას გეგმავს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს არჩევნები და შესაბამისად პრეზიდენტის ინაუგურაცია არ არის ვალიდური, ამიტომ მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. ამის დეტალები კვირას გახდება ცნობილი“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადახვევა ევროკავშირის გზიდან, რაც, მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ უფრო აშკარა ხდებოდა. „ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების რუსეთისკენ გადახრა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. შევარდნაძეც კი არ ცდილობდა რუსეთთან ისე დაახლოებას, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, – აღნიშნა მან.
ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავარ როლს ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ჩრდილიდან „არაფორმალური“ როლი შეასრულოს. „ძალაუფლება მთლიანად ერთი ადამიანის, ბატონი ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა. დღეს სხვა არავინ იღებს გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდული ომის სტრატეგიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუმინეთსა და მოლდოვაშიც ცდის, მას შემდეგ რაც უკრაინაში სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწია. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთსა და ევროპას შორის გეოპოლიტიკური ბრძოლის ცენტრშია და დასძინა, რომ ქართველი ხალხი აღიარებს ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს და პროტესტით პასუხობს.
პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს „გაუმკლავდნენ ამ ახალ რეალობას“ და გააფრთხილა, რომ „თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მას უფრო დახვეწილი გზით გამოიყენებს“ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/12/2024 – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილს ახალ არჩევნებზე მოლაპარაკება შესთავაზა
- 22/12/2024 – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს პატიმრობით ემუქრება
- 20/12/2024 – პრეზიდენტი იტალიის სენატს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპულ მისწრაფებებზე სიტყვით მიმართავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)