
ეუთოს წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე
19 დეკემბერს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ნიდერლანდების წარმომადგენელმა ეუთოს 17 წევრი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება წარადგინა, სადაც მკაცრადაა დაგმობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები და შეფასებულია როგორც „სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა“ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას მშვიდობიანად იყენებდნენ. განცხადებაში ხაზგასმულია შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით რეპრესიული ზომების, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების თაობაზე.
„შეშფოთებული ვართ, რომ კრიტიკოსების გასაჩუმებლად „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, უსამართლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით“, – აღნიშნავენ განცხადების ხელმომწერები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიული, ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება.
ხელმომწერებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მომიტინგეები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებების მშვიდობიანი გამოხატვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მისცენ“.
მათ ასევე დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ეუთოს წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს საქართველოს დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და ხაზი გაუსვეს ქართველების უმეტესობის ევროპულ მისწრაფებებს. „ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)