შსს: 43 მომიტინგე დაკავებულია, 32 პოლიციელი დაშავდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 ნოემბერს დილას პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 43 პირი დააკავეს. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლი) – ედებათ ბრალი.
საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „2028 წლამდე“ შეაჩეროს, რათა თავი აარიდოს ბრიუსელის მიერ დაყენებული პირობების შესრულებას, რომლებიც „ქართულ ღირებულებებს“ ეწინააღმდეგება.
თავის განცხადებაში შსს-მ განაცხადა, რომ ის მოქმედებდა „საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“. მან აქციის მონაწილეებს პოლიციელების პროვოცირებასა და მათთან ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში დასდო ბრალი. სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. „აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თვითმხილველების კომენტარები და მედიის კადრები ეწინააღმდეგება ამ განცხადებებს. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია პროვოკაციის გარეშე იყენებს ძალას და წიწაკის სპრეის. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განსაკუთრებით დაგმეს წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების ერთობლივად გამოყენება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ ეს არღვევს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ადგილობრივ რეგულაციებს.
გუშინდელი საპროტესტო აქცია ასევე გამოირჩეოდა პოლიციის მიზანმიმართული სისასტიკით ათეული ჟურნალისტის მიმართ, რასაც შსს-მ თავის განცხადებაში გვერდი აუარა. შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცების სისასტიკე, რომლებიც ნიღბებით, ჩაფხუტებითა და სპეციალური ხელსაწყოებით იყვნენ შეიარაღებულნი და სპეცრაზმის გვერდით მოქმედებდნენ, გასული ღამის მოვლენათა კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტი იყო.
შსს-ს ცნობით, დაშავებულია სამინისტროს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. „შემდგომი გამოძიება მიმდინარეობს პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის (მუხლი 353) და ქონების დაზიანების (მუხლი 187) ბრალდებით“, – აცხადებს შსს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)