უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი დაიღუპა.
ქართველი მებრძოლი 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა. დაზიანებების შედეგად მან მხედველობა და მოძრაობის უნარი დაკარგა. ერთი წლის განმავლობაში ის ჯერ უკრაინაში მკურნალობდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი ოჯახმა საქართველოში გადმოიყვანა სამკურნალოდ. ოჯახის მეგობარმა ია ამირანაშვილმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ლეკიაშვილმა პირველადი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლებისგან მიიღო უკრაინაში მკურნალობის დროს, შემდეგ ის გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც თბილისში, სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს, პარალელურად კი ოჯახი და ახლობლები უცხოეთში გასამგზავრებელ თანხას აგროვებდნენ.
სპარტაკი და დედამისი საფრანგეთში ათი დღის წინ გაემგზავრნენ. დედამისმა მისი გარდაცვალების შესახებ ნათესავებს 25 ნოემბერს აცნობა.
უკრაინაში ომის დაწყებისას ლეკიაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ომის დაწყებიდან მალევე მეგობართან ერთად უკრაინაში წავიდა და ინტერნაციონალური ბატალიონის რიგებში ჩაეწერა.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 61 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/11/2024 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)