skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 ნოემბერს ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლითაც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ ე.წ. შეთანხმების რაფიტიცირება მოხდა.

დოკუმენტს ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს მოეწერა ხელი. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ რამილ საიფუტდინოვმა განაცხადა, რომ შეთანხმების განხორციელება „გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს ამიერკავკასიის  რეგიონში.”

ე.წ. შეთანხმება სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურებს ადგენს, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე თანხმდება მიაწოდოს მეორე ქვეყანას აღჭურვილობა იმავე მახასიათებლებით და კონფიგურაციით, რომელსაც მათი შესაბამისი შეიარაღებული ძალები, სხვა სამხედრო ფორმირებები, სამართალდამცავი ორგანოები და სპეცსამსახურები იყენებენ.

ის ასევე ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სიების საფუძველზე სამხედრო პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტს – ოფიციალური გადაწყვეტილებების ან ლიცენზიის გაფორმების მოთხოვნის გარეშე.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მხრიდან სამხედრო პროდუქციის მიწოდების კონტრაქტებს განახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოები, რომლებიც „უფლებამოსლნი არიან შეასრულონ სახელმწიფო დამკვეთის ფუნქციები რუსეთის შეიარაღებული ძალების, სხვა სამხედრო ფორმირებების, სამართალდამცავი ორგანოების და სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე“.

რუსეთის ფედერაციას მსგავსი შეთანხმებები აქვს ბელარუსთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button