skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 122-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 19 ნოემბერს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 122-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხი იყო.

„არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო ინდიკატორებზე, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა, ძალიან აქტიურად დაგვიჭირეს მხარი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა ანთაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ცხრა მოქალაქეა.

ანთაძემ ასევე განაცხადა, რომ საუბარი შეეხო უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხს. „ეს პრინციპული პოზიცია გაიმეორა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი არის ყველა იმ სერიოზული ინციდენტის მიზეზი, რომელიც ხდება საოკუპაციო ხაზთან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კიდევ ერთხელ გაჟღერდა შეთავაზება, რომ ეს დესტრუქციული მოვლენა ჩანაცვლდეს თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობით”.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს გამშვები პუნქტების საკითხი. ქართული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თვეში ათდღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეს გამშვები პუნქტები ღიაა, საკმარისი არ არის. სანაცვლოდ, მათ მოუწოდეს, რომ გადასასვლელები ფუნქციონირებდეს ყოველდღიურ რეჟიმში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ვიდრე არ მოხდება სამართლის აღსრულება, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებულ საკითხთა შორის ყოველთვის იქნება ჩვენი მოკლული თანამოქალაქეების საკითხი“, – განაცხადა ანთაძემ.

IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2025 წლის თებერვლის დასაწყისში დაიგეგმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button