skip to content
ახალი ამბები

თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური დღეს სოფელ კირბალში, მისი მოკვლის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას გინტურის ნათესავები, მეგობრები, თანასოფლელები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და უფლებადამცველებიც ესწრებოდნენ.

58 წლის თამაზ გინტური 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი და კარალეთის სპეციალური ძალების ყოფილი წევრი იყო. მას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალის სიახლოვეს მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ეკლესიასთან რამდენჯერმე ესროლეს, მათ შორის ზურგში.

მოკლულის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა: „ჩემი ძმა იყოს ეკლესიის მოყვარული… სანთელი უნდა დაენთო ეკლესიაში, ეკლესიის კარები იყო აჭედილი და შეაღო. რომ გამოვიდა, ჩასაფრება ჰქონდათ მოწყობილი [რუსებს] და უკნიდან ესროლეს… მე პირობას ვდებ, ჩემი ძმის გაღებულ კარებს აღარ ავაჭედინებ“. მისი თქმით, ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა დამნაშავეთა დროული დასჯაა.

ლევან დოთიაშვილი, რომელიც მკვლელობის დღეს გინტურთან ერთად იმყოფებოდა და რომელიც უკანონოდ დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button