skip to content
ახალი ამბები

არჩევნებში დონალდ ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

საქართველოს ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსალოდნელ გამარჯვებას ეხმიანებიან და წინასწარ ულოცავენ მას.

„გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ – ჩვენი 33 წლის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.

მმართველი გუნდი

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დარწმუნებული იყო, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა, და აცხადებდა, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება აშშ-საქართველოს ურთიერთობების განახლებას გამოიწვევდა.

ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას პირველი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა: „ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს“.

თავის მილოცვაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს. „ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების განახლებას“, – წერს იგი X-ზე.

კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, თბილისი მერი: „ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ, ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას, ღირსეულ ევროპულ მომავალს. აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია… რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს – ამერიკას თავისი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – თავისი. ევროპასაც აქვს თავისი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. არც ამერიკელი ჩამოვა აქ და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არც ევროპელი. ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზეც, ქვეყნის განვითარებაზეც და არავის დავუთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესი“.  

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა. მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და, რაც მთავარია, ნამდვილი საკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე“.

ოპოზიცია

არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს ოპოზიციის ლიდერებმაც მიულოცეს.

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ X-ზე დაწერა: „ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ამ რთულ დროს, საქართველოს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება აშშ-ის ძლიერი ადმინისტრაცია თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ხელშეწყობის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის დახმარებით, საქართველო აღადგენს გზას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს“.

მამუკა ხაზარაძე, „ძლიერი საქართველო“: „მინდა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები. მივულოცავ, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს; მე გავახსენებ, რომ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრებიო და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო. ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო. არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ადმინისტრაციები იცვლებიან, პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მათ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „დონალდ ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ… ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომლის წარმომადგენლებიც ვიყავით მიწვეული დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. სანამ აქ მოვიდოდი, დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე. დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება… ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას სისტემურად უდგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

თინა ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მერწმუნეთ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება, განსაკუთრებით, მათ შორის, იმ ფონზე, რომ არამხოლოდ პრორუსულია ივანიშვილი, არამედ, მან საქართველოს სტრატეგიული მეგობრები ჩაანაცვლა, მათ შორის, ამერიკა ისეთი სახელმწიფოებით, როგორიცაა ჩინეთი, ირანი“.

ნიკა მელია, „ახალი“, „კოალიცია ცვლილებისთვის“: „ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, ნებისმიერი პრეზიდენტი რომელიც ამერიკელების მიერ აირჩევა არ ნიშნავს იმას, რომ იცვლება ძირითადი მიმართულებები… დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ არ შეიცვლება“.  

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button