ცესკო: მალკევიჩს აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტ ალექსანდრ მალკევიჩზე „აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული“ და რომ „ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს“.
1 ნოემბერს, ოპოზიციურმა ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მალკევიჩი არა მხოლოდ იმყოფებოდა საქართველოში არჩევნების დღეს, არამედ ცესკოსგან აკრედიტაციაც მიიღო.
ორგანიზაციის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციას გადის მარტივი პროცედურით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გამოგზავნით. თუ გამოგზავნილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის აკრედიტაციას“. იოსელიანმა „დაინტერესებული მხარეები“ კომისიისა და მისი თავმჯდომარის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „მანიპულაციურად არის წარმოჩენილი ამასთანავე ის ფაქტი, რომ თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტაციისთვის მომართვა პირადად ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელდა და თითქოს ეს წარმოდგენს მთავარ მტკიცებულებას იმისა, რომ მათ შორის კავშირები არსებობს, მაშინ როდესაც კორესპონდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის ხელმძღვანელის სახელზე კეთდება“.
ინფორმაცია არჩევნების დღეს მალკევიჩის თბილისში ყოფნის შესახებ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა. მალკევიჩი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერაა სანქცირებული. მალკევიჩმა სულ ცოტა ერთხელ მაინც დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, 2023 წლის აგვისტოს ბოლოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვიზიტისას. იქ ყოფნისას იგი ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს შეხვდა, რომელმაც მალკევიჩი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა „ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით“.
მალკევიჩი დონბასში რუსული პროპაგანდისტული მანქანის ფუნქციონირებას კურირებს და ვაგნერ ჯგუფის ცნობილი უფროსის ევგენი პრიგოჟინის ახლო თანამოაზრე იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი როგორ და როდის შემოვიდა რუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)