გავრცელებული ინფორმაციით, რუსული პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი ალექსანდრ მალკევიჩი 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, თბილისში იმყოფებოდა. მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ორგანიზაცია „შეშფოთებულია კრემლის რუპორის როლით საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების საქმეში“.
მარკიან კუზმოვიჩმა, ციფრული საფრთხეების ანალიტიკოსმა, 30 ოქტომბერს ტვიტერზე დაწერა: „კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვისაა სანქცირებული და პასუხისმგებელია რუსული პროპაგანდის დიდ ნაწილზე ოკუპირებულ უკრაინაში, რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება“.
მალკევიჩი, სანქტ-პეტერბურგელი მედია მენეჯერი, რომელსაც რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ და აშშ-მა, თავისი უკანონო პროპაგანდისტული საქმიანობისთვის სანქციები დაუწესა, ვაგნერ ჯგუფის ცნობილი ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თანამოაზრე იყო.
RSF-ის მიერ მალკევიჩზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში ნათქვამია, რომ მალკევიჩს „დიდი რესურსები აქვს“ და „შეძლო ფინანსური სახსრები, მათ შორის პერსონალი, ძირითადად თავისი მშობლიური სანქტ-პეტერბურგიდან ოკუპირებულ დონბასში მედიისთვის გადაეცა“.
RSF-მ განაცხადა, რომ მისმა წყაროებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაადასტურეს რამდენიმე არხის გაშვება მალკევიჩის ჩასვლისთანავე, „რომელმაც ადგილობრივ სამაუწყებლო პროპაგანდაზე აიღო პასუხისმგებლობა“. მალკევიჩმა 2022 წელს კონტროლი დაამყარა მარიუპოლის, ხერსონისა და მელიტოპოლის მაუწყებლობაზე, რაც დასავლეთის წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპის მაუწყებელია.
აღსანიშნავია, რომ ბულგარელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა ხრისტო გროზევმა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ლიეტუვურ საინფორმაციო გამოცემა Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული დაზვერვიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, პუტინს საქართველოს არჩევნების შედეგების გაყალბება სურს, რასაც სისხლისღვრა მოყვება. მისი თქმით, „ევროპული სამსახურებიდან ახლახან გაჟონილმა სადაზვერვო ცნობებმა გამოავლინა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა გატეხეს და შეაღწიეს საქართველოს მთავრობის საკვანძო სტრატეგიულ IT ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“. მისი პროგროზით, ეს ყველაფერი რუსული დაზვერვის მიერ არჩევნების გაყალბების ჰიპოთეტურ სცენარზე მიუთითებს, რასაც ადგილზე ძალადობრივი დარბევა მოყვევა.
ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, სადაც დამკვირვებლების თქმით, ფართომასშტაბიან დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა შედეგზე. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ ცნო და განაცხადა: „„შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“.
ცნობილია, რომ რუსეთი ერეოდა საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის 2020 წელს აშშ-ის არჩევნებში. არსებული მტკიცებულება ასევე მიუთითებს, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ჩაერია ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)