skip to content
ახალი ამბები

სტანო: არ გვყავს მისია, რომელიც საქართველოს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ეხმარება, რადგან ის ხელისუფლებისგან მოდის

ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარებაზე ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ „ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყო“. სტანომ ბრიფინზე რუსული დეზინფორმაციისა და მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგებზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირი რუსეთის ჩარევას ეჭვობს.

სტანოს ჰკითხეს, უწევდა თუ არა ევროკავშირი საქართველოს იმავე დონის დახმარებას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მოლდოვას, რაზეც მან უპასუხა: „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივი იყო. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე“. თუმცა, მისივე თქმით, შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა საქართველოში, როდესაც ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს და სწორედ ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ეს შემობრუნება ბევრჯერ იქნა განხილული საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და საკითხზე ასევე იმსჯელეს ევროკავშირის ლიდერებმა. მისი თქმით, „ამ ეტაპზე საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგანაც, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლებისგან მოდის“.

სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ ეხმარება საქართველოს სხვა მისიის, კერძოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიი მეშვეობით, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო მუშაობს. მან იმედი გამოთქვა, რომ „შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ მოახლოებული არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button