skip to content
ახალი ამბები

TI საქართველოს ანგარიში „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 21 ოქტომბერს შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა სათაურით „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის“. მონიტორინგი 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტიურად წაშლილია, რაც „მნიშვნელოვან  პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის“.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

TI საქართველო სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევებს აღწერს:

  1. “რუსული კანონის” მიღება: ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ ხელმეორედ მოახდინა წინა წელს ჩაგდებული საკანონმდებლო ინიციატივის – ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის (“რუსული კანონის”) ინიცირება და ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკიდურესად მწვავე რეაქციების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო, რამაც დაღი დაასვა საარჩევნო პროცესებსაც;
  2. ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა: ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ცვლილებებმა მმართველ პარტიას მისცა შესაძლებლობა ოპოზიციის აზრის გაუთვალისწინებლად აერჩია ცესკოს თავმჯდომარე და სხვა, ე.წ. „პროფესიული ნიშნით“ შერჩეული წევრები. აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს მწვავე კრიტიკული მოსაზრებები და მთელი რიგი რეკომენდაციები ჰქონდათ გამოთქმული, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი არ გაითვალისწინა;
  3. გენდერული კვოტის გაუქმება: ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. ამ შემთხვევაშიც იყო გამოყენებული პრეზიდენტის ვეტო, რომელიც პარლამენტმა ამჯერადაც დაძლია. საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც, ვენეციის კომისიის კრიტიკა მოჰყვა, დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მიღებული;
  4. ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოვება: ხელისუფლებამ რამდენიმე ცვლილება შეიტანა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რითაც ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა. კერძოდ, პარტიის მიერ გარკვეული ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. გარდა ამისა, ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, გამოითხოვოს ნებისმიერი პირისგან ნებისმიერი, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებისა და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია;
  5. „დელეგატების“ ინსტიტუტის შემოღება: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, პარტიას მიეცა უფლება, საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა “დელეგატად” გაამწესოს. ორგანიზაციის თქმით, ამ ცვლილების მიზანია, რომ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების იდეა ახლა უკვე ე.წ. დელეგატებით იქნეს ჩანაცვლებული;
  6. საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა: საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება. ორგანიზაციის თქმით, ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს;
  7. ზვიად ხარაზიშვილის ახალი უფლებამოსილება: აშშ-ის მიერ სანქცირებული პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ძალადობრივი დარბევის მოწყობითაა ცნობილი, საარჩევნო უსაფრთხოების ჯგუფებს – ე.წ. ტერიტორიულ ჯგუფებს უხელმძღვანელებს. ამ ფაქტს ამომრჩეველთა დაშინების შესახებ წუხილები მოყვა;
  8. საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა: არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის  ხშირი ცვლილება არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და საკანონმდებლო ბაზის დესტაბილიზაციას ახდენს.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ორგანიზაცია აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევებზეც საუბრობს:

  1. .წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტების უკანონო გადაწყეტილებები: TI საქართველო აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისადმი ლოიალობით თავი გამოიჩინეს ანტიკორუფციულმა ბიურომ და კომუნიკაციების კომისიამ, რომელთა გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ ხელისუფლების დავალებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების შევიწროვებისკენ იყო მიმართული;
  2. ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო გადაწყვეტილება: TI საქართველო „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე სუბიექტად გამოცხადდა, რამაც ორგანიზაცის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელებას ხელი შეუშალა. მართალია, გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, ორგანიზაციის საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში ხელი მაინც შეეშალა;
  3. კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვება: TI საქართველო აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიამ, სხვადასხვა მოტივებით, არაერთხელ სცნო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები – „მთავარი არხი“, “ფორმულა” და “პირველი” სამართალდამრღვევებად. კომისიის რეპრესიული გადაწყვეტილებების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობა, რომელშიც არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
  4. მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იტყობინება, რომ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფები თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს;
  5. ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება: TI საქართველო ხაზს უსვამს ამომრჩეველთა მანიპულირებას, მათ შორის მუქარას, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას, ამომრჩევლის მოსყიდვას და უკანონო დაპირებებს, როგორც ეს 2022 წლის კვლევაშია ასახული;
  6. საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეები აიძულეს შეეგროვებინათ პერსონალური მონაცემები მმართველი პარტიისთვის, ამ პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით;
  7. აჭარის ათიათასობით მკვიდრის პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა: ორგანიზაცია მამხილებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე აჭარის ათიათასობით მაცხოვრებლის სენსიტიური მონაცემები დაამუშავა;
  8. ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ: ორგანიზაცია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხაზს უსვამს ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის არასათანადო გამოყენების რამდენიმე შემთხვევას:

  1. მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობა საბიუჯეტო ღონისძიებებში: ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ ავლენდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არარსებობას;
  2. საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში: ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებზე გავრცელებული ხასიათი ჰქონდა საჯარო მოსამსახურეების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზებას. რადგან ისინი, ამა თუ იმ ფორმით, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირები არიან, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ისინი საკუთარი ნების გარეშე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით,  TI საქართველო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების თორმეტი სხვადასხვა ტიპის მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა სახელმწიფო და მუნიციპალური საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარი ხარჯვის მაგალითებია საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის” მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყო 250 000 ლარი; საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი განკარგულება, რომლითაც მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 20 მილიონი ლარი ადგილებზე განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად; აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებები სოციალურად დაუცველი ოჯახების, და სხვა სოციალური დახმარების პროგრამების განსახორციელებლად.

რეკომენდაციები

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და თავი შეიკავოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანისაგან, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში; ამასთანავე, აუცილებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში აისახოს ყველა ის შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელსაც წლიდან წლამდე იმეორებენ თავიანთ დასკვნებში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია.

TI საქართველო ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნეს საარჩევნო კანონმდებლობაში, წინ უნდა უძღოდეს ფართო კონსულტაციები პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან და უნდა უფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს.

ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები. ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ გააუქმოს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახლახანს მინიჭებული ანტიკონსტიტუციური უფლებამოსილება, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რაიმე საფუძვლით პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მიმართვის შესახებ; ხოლო ცესკომ არ უნდა დაუშვას ისეთი ადმინისტრაციული აქტების მიღება, და გააუქმოს უკვე მიღებული ისეთი აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს საკანონმდებლო აქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლების სხვა ორგანოებმა არ უნდა დაუშვან არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების ჩართულობა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ თავი უნდა შეიკავოს, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებებით, კრიტიკული მედიის შევიწროვებისაგან. შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ საარჩევნო დარღვევების შემთხვევები, ხელისუფლების ორგანოებმა და უწყებებმა თავი უნდა შეიკავონ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებზე საჯარო მოსამსახურეებისა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მათი ნების გარეშე მობილიზებისაგან, მათი იძულებისგან, დაესწრონ ასეთ შეკრებებს.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button