ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აკრედიტაციის საბჭოს მიერ მისთვის „პირობითი აკრედიტაციის“ მინიჭებას ეხმაურება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, აკრედიტაციის საბჭომ „ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით“.
„ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და დასძინა, რომ ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს.
„პირობითი აკრედიტაცია“ სავარაუდოდ ერთი წლით გააჭიანურებს უნივერსიტეტის სრული აკრედიტაციის პროცესს.
საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია – არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ მთლიანად უმაღლესი განათლების სფერო“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელისუფლების რეპრესიების სამიზნე შესაძლოა მისი ბევრი პროფესორის მხრიდან ხელისუფლების ღია კრიტიკის გამო გახდეს. ამასთან, ის ერთ-ერთი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც უარი თქვა ხელი მოეწერა „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ ბოიკოტთან დაკავშირებულ განცხადებაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/09/2024 – 2024 | რეპრესიების ქრონიკა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)