skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.

პრეზიდენტმა ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება, რაც კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით კვლავ პარლამენტს დაუბრუნებდა განსახილველად და კანონის საბოლოო მიღება რამდენიმე კვირით გადაიდებოდა.  თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯარო კომენტარი პრეზიდენტს ჯერ არ გაუკეთებია.

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთ ავტორს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ახლა ხუთი დღის ვადა აქვს კანონზე ხელის მოსაწერად. კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ შევა, რაც ნიშნავს, რომ მისი აღსრულება 26 ოქტომბრის არჩევნებამდე არ მოხდება.

“როგორც ჩანს, პრეზიდენტმა შუალედური გზა იპოვა ამ პოლიტიკურად დელიკატურ სიტუაციაში“, – წერს ტვიტერზე მარიამ კვარაცხელიამ, ქართველი ქვიარ აქტივისტი და “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე.

მისი თქმით, პრეზიდენტს სანაცვლოდ ვეტოს უფლება რომ გამოეყენებინა, მმართველი პარტია მის გადალახვას არჩევნებამდე შეძლებდა და “‘ლგბტ პროპაგანდისტ პრეზიდენტზე’ გამარჯვებასაც იზეიმებდა”. ეს გააძლიერებდა „ქართული ოცნების“ ნარატივს „ოჯახებისა და ეკლესიის დაცვისა და „ლგბტ პროპაგანდასთან“ ბრძოლის შესახებ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე“, – აღნიშნა აქტივისტმა.

ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 17 სექტემბერს მიიღო, შედგება ძირითადი კანონპროექტისაგან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 თანდართული ცვლილებისგან საქართველოს სხვადასხვა კანონში. კანონმდებლობით დაუშვებელი იქნება ქორწინების „ალტერნატიული“ კავშირის დარეგისტრირება, ხოლო იმ პირებს, რომლებიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანებს, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი, ბავშვის აყვანის უფლება არ ექნებათ. ამასთან, აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება, ასევე სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, ასევე საჯარო შეკრება, ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button