skip to content
ახალი ამბები

ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღების ფონზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას მწვავე პროტესტი მოყვა

ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს ღამით საკუთარ ბინაში სასტიკად მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დილით ეჭვმიტანილის სახით მისი მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ორი საათით ადრე კესარია აბრამიძემ ფეისბუქზე საკუთარი და მეგობარი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა. ამან გამოიწვია ვარაუდი, რომ დანაშაული შესაძლოა ფოტოს გამოქვეყნებამ განაპირობა, რადგან კესარია აბრამიძის შეყვარებულს, სავარაუდოდ, არ სურდა ამის გასაჯაროება.

დაზარალებულის მეზობლები და მეგობრები კესარია აბრამიძისა და ბექა ჯაიანის ტოქსიკურ ურთიერთობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აბრამიძის მიმართ მუდმივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. რაღაც მომენტში, მუდმივი მანიპულაციისა და ძალადობის გამო, მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია, რაზეც მან აპრილში ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა. როგორც ჩანს, შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადოდ ყურადღება არ დაუთმეს მის შეშფოთებას.

19 სექტემბერს, დილით, რამდენიმე მედიასაშუალებამ აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების კადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ბექა ჯაიანი შენობაში შედის და 14 წუთში ტოვებს მას – სავარაუდოდ, იმავე პერიოდში, როდესაც აბრამიძე მოკლეს.

აბრამიძის მკვლელობის ამბავი ინციდენტიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გავრცელდა მას შემდეგ, რაც მეზობლებმა, ჩხუბის ხმა გაიგეს და აბრამიძე საკუთარ ბინაში სისხლით დაფარული იპოვეს.

„ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ  სიძულვილისა და  გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების  რეაგირება  განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კესარია აბრამიძის მკვლელობას.

„ საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა ! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც  გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ !“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე.

მკვლელობას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის მიერ სადავო ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღება, რომელიც თემის სტიგმატიზებას ახდენს და ზღუდავს მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

„პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა. „თითქმის ერთი წელია, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება პროპაგანდის მასობრივი იარაღით ხდება“.

„ცხადია, სიძულვილის პოლიტიკა იწვევს მძიმე შედეგებს – ლგბტქი ადამიანების ჩაგვრას, მარგინალიზაციას და მათ მიმართ ძალადობას. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე ამ მძიმე საერთო კონტექსტის გარეშე ვერ აღიქმება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას გამოძიების ფარგლებში შეისწავლონ, ხომ არ არის დანაშაული ჩადენილი სიძულვილის, კერძოდ ტრანსფობიური მოტივით, და ხომ არ უძღოდა წინ მსხვერპლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები, და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ ქმედებებზე სათანადო რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, რომელიც ორი დღის წინ საქართველოს სტუმრობდა, დაწერა ტვიტერზე: „კესარია აბრამიძე მოკლეს, საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტი კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთ დღეში. ღრმად ვარ შოკირებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“, დაუყოვნებლივ გააუქმოს სამარცხვინო კანონი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button