
„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის ჩვენება გაიმართა
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავზე, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტური ფილმი ასახავს 1993 წელს რუსეთის სასტიკ დანაშაულებს აფხაზეთში, მკაფიო პარალელებს ავლებს უკრაინაში მის ბოლოდროინდელ ქმედებებთან და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ასეთი სისასტიკე ახალი არ არის. დოკუმენტური ფილმი ოპოზიციური პარტიის „ფედერალისტების“, მოძრაობა „აფხაზთა კრების“, ონლაინ მედია ტაბულას და ადგილობრივი ანალიტიკური ცენტრის, თავისუფლების ინსტიტუტის, ერთობლივი პროექტია.
ფილმის ჩვენებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის ევროპის მინისტრი ბენ ჰადადი დაესწრნენ. ჩვენებას ასევე დაესწრნენ პროექტის თანაავტორები, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
„დიდი პატივია მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ სიმპოზიუმზე. საფრანგეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით მის ევროპულ პერსპექტივაში, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შენარჩუნებაში“, – დაწერა ჰადადმა ტვიტერზე.
„სიმბოლურია, რომ ამ დღეს, 27 სექტემბერს – საქართველოს ტრაგედიის დღეს, რომელიც სოხუმის დაცემას აღნიშნავს – ჩვენ შევიკრიბეთ პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ჩვენებაზე“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვიტერზე.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმი 31 წლის წინ აფხაზეთში „იგივე სისასტიკეს“ იყენებდა, როგორც დღეს უკრაინაში.
შემდეგ მან მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერები გააკრიტიკა, სადაც ომი უკრაინაში და საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული მშვიდობა იყო გამოსახული, და განაცხადა, რომ „ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო… ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი“.
„ამ გზის არცერთ მომენტში, საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85% ამბობს და იმეორებს, რომ სურს ევროპელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი პარტია სულ უფრო მეტად მოქმედებს როგორც „პრო-რუსული ძალა“ და ქვეყნის ევროპული კურსისთვის მოახლოებული არჩევნების „ეგზისტენციურ“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პრეზიდენტმა ასევე დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ „ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება“, რომელიც პატივს არ სცემს მეზობლების საზღვრებს.
ფილმის ჩვენებას მოყვა „დისკუსია საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ“, დაწერა გიგა ბოკერიამ „ფეისბუქზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)