ევროკავშირი გმობს ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას
ევროკავშირმა 4 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით „ნაჩქარევად“ მიღებას და აცხადებს, რომ ეს პაკეტი „ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს „კიდევ უფრო დაძაბავს“.
4 სექტემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 81 ხმით ნულის წინააღმდეგ, სადავო კანონმდებლობა მიიღო. მესამე მოსმენით კანონპროექტის მიღება სექტემბერშია დაგეგმილი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული“.
„ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა“, – აცხადებს ევროკავშირი და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს „სრულად გადახედოს“.
„ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)