skip to content
ახალი ამბები

აშშ “ღრმად შეშფოთებულია” ოპოზიციის აკრძალვის თაობაზე “ოცნების” მუქარით

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს “ღრმა შეშფოთებას” საქართველოს მმართველი პარტიის “მზარდი ანტი-დემოკრატიული რიტორიკისა და ქმედებების” გამო, რომლის ბოლო გამოხატულებაც არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მუქარა იყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. აშშ-მა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ადამიანის უფლებები, შეწყვიტოს კრიტიკოსების “დემონიზება” და შეიცვალოს ამჟამინდელი კურსი.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსთა დემონიზება თუ განსხვავებული აზრის მქონეთათვის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მილერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები “ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას” და “შეუთავსებელია დემოკრატიულ ფასეულობებთან, რომლებსაც ევროკავშირისა და ნატოს წევრობა ეფუძნება”.

“ქართული ოცნების” ლიდერები ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონების მოსახლეობას ხვდებიან და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის მხარდაჭერას ითხოვენ. ისინი იმეორებენ, რომ თუ მმართველი პარტია წარმატებით მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, იგი აკრძალავს ოპოზიციას, რომელსაც “კოლექტიური ნაცმოძრაობის” სახელით მოიხსენიებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button