მმართველი პარტია ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება სურს
20 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მხარდამჭერებს მიმართავს და ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც მას კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება სურს. აღნიშნულ მიზეზებს შორისაა “კოლექტიური ნაცმოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადება და “გეი პროპაგანდის” აკრძალვა, ასევე ორი სხვა მიზეზი, რომელთა დეტალებიც ბუნდოვანია.
“ქართული ოცნება” ამბობს, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნებით “საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა”. იგი დასძენს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში “საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების” უზრუნველსაყოფად მას მომავალ არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება სჭირდება (113 მანდატი 150-დან). შემდეგ კი ასახელებს ოთხ ძირითად მიზეზს, რისთვისაც, მისი აზრით, საჭიროა, რომ ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა.
“პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად”, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული მიზნის მიღწევა, “ქართული ოცნების” თქმით, “პოლიტიკიდან კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია”. “ქართული ოცნება” პირობას დებს, რომ არჩევნების შემდეგ მალევე სამართლებრივ პროცესს დააინიცირებს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი, თუ მემკვიდრე პარტია, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”. როგორც წესი, “ქართული ოცნება” “კოლექტიურ ნაცმოძრაობად” აცხადებს თავის ყველა ოპონენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც კი.
ამგვარი სამართლებრივი აკრძალვის მიზეზად დასახელებულია 2008 წლის აგვისტოს ომში “ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობა; ამასთან, განცხადებაში საუბარია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” მცდელობაზე, “გაეხსნა მეორე ფრონტი” რუსეთ-უკრაინის ომში. “ქართული ოცნების” თქმით, “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს.” “ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო უმრავლეობის მიღების საჭიროებას “ქართული ოცნება” ანტი-ლგბტ კონსტიტუციური კანონდებლობის მიღების აუცილებლობითაც ხსნის. “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს”, – ნათქვამია განცხადებაში, აღნიშნული ტენდენციის მაგალითად კი მოყვანილია პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, რამაც, მმართველი პარტიის თქმით, “კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება”. “მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება მას მისცემს საშუალებას, მიიღოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს”.
“კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის, ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ქართული ოცნება” ასახელებს კიდევ ორ მიზეზს, თუმცა მათი შინაარსი ბუნდოვანია.
“ქართული ოცნება” ამბობს, რომ “მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია “ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით” მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და აღნიშნულ პროცესში “დაბრკოლებას” შექმნის. თუმცა განცხადებაში “ქართული ოცნება” არ ამბობს, რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი.
მეოთხე მიზეზის დეტალებზე მმართველი პარტია საერთოდ არ საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ აღნიშნული საკითხის კონსტიტუციით მოწესრიგებას “საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”. პარტია აცხადებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და საკითხთან დაკავშირებით მის პოზიციას საზოგადოება, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიგებს.
დამატებით, “ქართული ოცნება” აფრთხილებს ამომრჩეველს, რომ თუ იგი ხელისუფლებაში არ დარჩება, შესაძლოა ქვეყანა ომის წინაშე აღმოჩნდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ 2020 ან 2021 წლებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა, “დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა”.
“ქართული ოცნება” ამბობს, რომ მომავალ არჩევნებზე ქვეყნის მთავარი ამოცანა “მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა”. ამისათვის იგი მოუწოდებს ამომრჩეველს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და აღნიშნავს, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს “ქართული ოცნება”, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე”.
აღნიშნულ განცხადებაშიც, “ქართული ოცნება” არჩევნებს წარმოაჩენს, როგორც ერთგვარ რეფერენდუმს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ “ომსა და მშვიდობას”, “მორალურ დეგრადაციასა და ტრადიციულ ფასეულობებს”, “გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებასა და დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს”, “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას” შორის.
“ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/08/2024 – “ომი გინდა?!” – მმართველი პარტიის კამპანია ქართველებს „ომის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ“ უბიძგებს
- 13/08/2024 – „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომში ადანაშაულებს და მისი გასამართლებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)