ჯანდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროებისთვის აშშ-ის დაფინანსების შეჩერებას საზოგადოების შეშფოთება მოყვა
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებასა და ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ხელისუფლებისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შეჩერება მოყვა, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმ კონკრეტული სფეროების შესახებ, რომელთაც დახმარების შეჩერება შეეხო. კერძოდ, ესაა ჯანდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროები, რასაც საზოგადოების შეშფოთება მოყვა.
კერძოდ, დაფინანსება შეუწყდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) და ლუგარის კვლევით ლაბორატორიას – ორივე მათგანი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრამების დაფინანსება შეაჩერა.
აშშ-ის დახმარება ლუგარის ლაბორატორიასა და NCDC-ს
ტელეკომპანია „ფორმულამ“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით 3 აგვისტოს განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) და ლუგარის კვლევითი ლაბორატორიის ფინანსური მხარდაჭერა შეჩერებულია აშშ-ის 95 მილიონი დოლარის დახმარების შემცირების ფარგლებში.
„ფორმულას“ ინფორმაციამ შეშფოთება გამოიწვია იმ სერიოზული შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ აშშ-ს დახმარების გარეშე განიცადოს. ლუგარის კვლევითი ლაბორატორია აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუციაა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში. ლაბორატორიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.
NCDC-ის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ განუცხადა, რომ ცენტრი ყოველწლიურად საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის ევროპისა და შეერთებული შტატებისგან, 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა. თუ „ფორმულას“ ინფორმაცია დახმარების შეწყვეტის თაობაზე სიმართლეს შეესაბამება, საკითხავია, რამხელა დაფინანსება დაიკარგება და რომელ პროექტებს შეეხება ეს.
6 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც „ფორმულა“-ს ინფორმაციის დადასტურება მოუწია, თუმცა ამ ინფორმაციის მნიშვნელობა დააკნინა და „ასტრონომიულ“ ციფრებზე გაზვიადებისა და სპეკულაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ 2 მილიონ ლარამდე თანხის შეჩერებაზე.
რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს დახმარების შემცირება, სარჯველაძემ განაცხადა: „რეალურად საუბარი არის რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ.“
„არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მათი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის… ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება დახმარების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას, სარჯველაძემ უპასუხა: „ობიექტურად, ასეთი კავშირი არ არსებობს“. შემდეგ მან დასძინა: „ვფიქრობ, ისე როგორც არც იმ კანონს გააჩნდა დემოკრატიულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა, ანალოგიურად ახლა ასეთი კავშირიც არ არსებობს ამ მიღებულ გადაწყვეტილებასა და რეალურად იმ საკანონმდებლო აქტს შორის, რომელიც შეიძლება კანონმდებლობას შორის, რომელიც შეიძლება კონტროვერსიულად განიხილებოდეს რომელიმე მხარის მხრიდან“.
იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერება „რითიც პირდაპირ სარგებელს იღებს საქართველოს ხელისუფლება“, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგი იყო, რაც საქართველოს ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული ქმედებებს“ მოყვა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა: „როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის მოტივაცია, ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად გახლავთ არასწორი გადაწყვეტილება“.
„სამოქალაქო საქართველომ“ ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიმართა, რათა განემარტათ აშშ-ის მიერ შეჩერებული თანხების ოდენობა და კონკრეტული პროექტები, რომელთაც ეს შეჩერება შეეხო, თუმცა ვერ მიიღო ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც მინისტრმა სარჯველაძემ უკვე გააჟღერა.
აშშ-ის დახმარება საკონსტიტუციო სასამართლოს
6 აგვისტოს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი პროექტის შეჩერების შესახებ, რაც USAID-ის მიერ დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებამ განაპირობა. საკონსტიტუციო სასამართლოში „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა წელს გაუქმდა, რადგან USAID-მა სკოლის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა.
საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის საბჭოსა და USAID-ის ერთობლივი პროექტია. ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები ესწრებოდნენ საერთაშორისო და ქართველი სამართლებრივი ექსპერტების ლექციებს, რა დროსაც ძირითადი აქცენტი ადამიანის უფლებებზე კეთდებოდა. საზაფხულო სკოლის დასასრულს იმიტირებული სასამართლო იმართებოდა. საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებადი სტაჟირება გაევლოთ.
მაშინ, როდესაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი იმპლემენტაციის ფაზას უახლოვდება, ქვეყანაში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე, მთავრობის ანტიდემოკრატიულ რიტორიკას და გადაწყვეტილებებს უკვე მოყვა პირველი შედეგები დასავლეთის მხრიდან.
თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ პოზიციების დათმობას არ აპირებს. „საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ქმნის. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე საუბრისას.
იმავდროულად, საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი ხაზს უსვამს, რომ მაშინ როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყნის დემოკრატიის დასამარების მცდელობისთვის საფასურის გადახდა მოუწევს, დასავლური სახსრები ხელისუფლებიდან დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისკენ გადაინაცვლებს, რათა ისინი ამ კრიტიკულ მომენტში უფრო მედეგები გახდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/08/2024 – ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ელჩი დანიგანი აშშ-ის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ადასტურებს
- 05/07/2024 – აშშ-მა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ „განუსაზღვრელი ვადით“ გადადო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)