„ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერები ახალ ოპოზიციურ პარტიას ქმნიან
თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ პარტიულ კოლეგებთან ერთად 15 აგვისტოს ახალი პარტიის „ფედერალისტები“ დაფუძნების შესახებ განაცხადეს მას შემდეგ, რაც პრაიმერის შედეგებთან დაკავშირებით შიდა უთანხმოების გამო 1 აგვისტოს პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს. ჩერგოლეიშვილის თქმით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის გეგმებს სექტემბერში გამოაცხადებს. ახალი პარტია მოახლოებულ არჩევნებში დამოუკიდებლად ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია მოქმედი საპარლამენტო წარმომადგენლობის გარეშე 15 ივლისს დასრულდა.
„მინდა, რომ ეს ერთი თვეც ნდობა გთხოვოთ და დაგარწმუნოთ, რომ ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ბუნებრივია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს აუცილებლად რუსული რეჟიმის შეცვლას და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
„ვიცით, რომ დისკომპორტი არის თქვენთვის ჩვენს მიერ არჩევნების გამოტოვება, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საჭირო არ გახდეს და თქვენს ინტერესებს საუკეთესოდ მოვემსახუროთ“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)