skip to content
ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან და გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

14 აგვისტოს, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების – საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ასევე მომავალი წევრების – დანიისა და საბერძნეთის სახელით განცხადება გააკეთა, რომელშიც მოუწოდა რუსეთს „დაუყონებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, ასევე „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა ორივე რეგიონში“.

გაიხსენა რა „რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სუვერენული ტერიტორიების წინააღმდეგ და შემდგომი უკანონო სამხედრო განთავსება“, ფრანჩესკა გატმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ საქართველოში „გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ“.

„ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმდინარე უხეშ დარღვევას“, – განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში.

სხვა საკითხებთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ასევე დაგმეს რუსეთის მიერ „ეფექტური კონტროლის განხორციელება“ საქართველოს „განუყოფელ ნაწილებზე“, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ორივე რეგიონის „პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინტეგრირების გზით“.

ამ კონტექსტში, ფრანჩესკა გატმა ახსენა რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ ხელმოწერა, „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“ ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტის, ოჩამჩირის პორტის გადაცემა და „ე.წ. უკანონო არჩევნების ჩატარება“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების ჩატარებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და, უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და ე.წ. გამშვები პუნქტების მუდმივ დახურვას,  ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულ განადგურებას“, – განაცხადა გატმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების სახელით, მან ასევე დაგმო საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, თამაზ გინტურისა, ირაკლი კვარაცხელიასა და თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობები და აღნიშნა, რომ დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი.

ფრანჩესკა გატმა ასევე გაიხსენა რუსეთის დანაშაულების დამადასტურებელი საერთაშორისო გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებლად დაშვების შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობას.

„ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყონებლივ მოხდეს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი დაშვება“, – განაცხადა გატმა და ხაზი გაუსვა დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების დაცვის მნიშვნელობას.

მან ასევე განაცხადა, რომ გაერო ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ. ფრანჩესკა გატმა ასევე ხაზი გაუსვა წინაპირობების გარეშე  „გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუყონებლივ აღდგენის აუცილებლობას“.  

მან ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე, და ამ კონტექსტში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომიც ახსენა.

იმავე დღეს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხი განიხილებოდა, რუსეთის გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ქართული ოცნების“ 13 აგვისტოს განცხადების იმ მონაკვეთების ციტირება მოახდინა, სადაც მმართველმა პარტიამ 2008 წლის ომი შეაფასა როგორც კულმინაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციის არაერთი მცდელობისა, რომ „გარედან დაკვეთით“ რუსული ჯარი „საქართველოში შემოებრუნებინა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button