skip to content
ახალი ამბები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 52-მა კი – თავი შეიკავა.

რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, მალიმ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ზიმბაბვემ. იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, შარშანდელის მსგავსად 9 არის და მათი შემადგენლობაც იგივეა, გარდა იმ განსხვავებისა, რომ სუდანი მალიმ ჩაანაცვლა.

გასულ წელთან შედარებით რეზოლუციას 100-ის ნაცვლად 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. სამმა ქვეყანამ – არგენტინამ, სომხეთმა და სამხრეთ აფრიკამ წელს მხარი დაუჭირეს რეზოლუციას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, რომელთანაც საქართველომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

Список голосования по резолюции о ВПЛ в Грузии за 2024 г.

2023 წელს რეზოლუციას 100 მხარდამჭერი და 9 მოწინააღმდეგე ჰყავდა, 59-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

2022 წლის რეზოლუციას 95 მხარდამჭერი ჰყავდა, მათ შორის ევროკავშირის 27-ივე წევრი ქვეყანა, წინააღმდეგ 12-მა ქვეყანამ მისცა ხმა, თავი კი 56-მა შეიკავა.

2021 წლის რეზოლუციას 80 მხარდამჭერი და 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა, 70-მა ქვეყანამ კი – თავი შეიკავა.

2020 წლის მონაცემები ასეთია: 84, 13 და 78, 2019 წლის: 79, 15 და 57, ხოლო 2018 წელს: 81, 16 და 62.

კენჭისყრის წინა შედეგების სანახავად, იხილეთ ბმული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად, რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით).

რეზოლუციის თანაავტორები არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button