skip to content
ახალი ამბები

აგვისტოს ომის წლისთავი: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებენ

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედმა და მომავალმა წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.  

ექვსმა მოქმედმა წევრმა – ესტონეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ერთმა მომავალმა წევრმა – ალბანეთმა 4 აგვისტოს განცხადებაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გააკრიტიკეს და დაგმეს რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამ რეგიონებზე რუსეთის კონტროლი.

საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მისი განხორციელების ზომებზე მომდევნო შეთანხმება, რომელსაც 8 სექტემბერს მოეწერა ხელი; დაუყონებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბებას.  

ამასთან, განმცხადებლებმა ასევე მოსკოვის მიერ საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები „საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევად“ შეაფასეს.  

ერთობლივი განცხადება ასევე გმობს რუსეთის პროვოკაციებს, მათ შორის „სამხედრო ძალების ყოფნას და სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე, ბორდერიზაციის გაძლიერებულ პროცესს, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივთა გატაცებებს, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის ხანგრძლივ ჩაკეტვას, ასევე დისკრიმინაციას ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ გალისა და ახალგორის რაიონებში და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას“.  

შვიდმა ქვეყანამ რუსეთს „უსამართლოდ“ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.  

ხელმომწერი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმის გამოც, რომ ბოლო რამდენიმე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის  არც ერთ საერთაშირისო მონიტორინგის მისიას არ მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში შეუზღუდავად შესვლის შესაძლებლობა. უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისს და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს რეგიონებში შეუფერხებელი შესვლის უფლება მიეცეთ.  

აღნიშნეს რა ყველა მოქალაქისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის საჭიროება, მათ განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button