ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილის დედის თქმით, მის შვილს თავში ტყვიით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა

რუსუდან ტატუნაშვილმა, 22 თებერვალს ცხინვალში პატიმრობისას გარდაცვლილი 35 წლის საქართველოს მოქალაქის არჩვილ ტატუნაშვილის დედამ, განაცხადა, რომ მის შვილს წამების კვალი და თავში ტყვიით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. 

რუსუდან ტატუნაშვილმა თავისი შვილის გარდაცვალების გარემოებებზე 27 მარტს, მისი დასაფლავებიდან სამ დღეში ისაუბრა.

ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბრისას რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი რეგულარულად გადადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტში ბოლო შვიდი თვის მანძილზე, სადაც ის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაღებული ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობდა.

რუსუდან ტატუნაშვილმა დააზუსტა, რომ ოჯახს, მათ შორის გარდაცვლილსაც, ცხინვალის მიერ გაცემული „ცნობები“ ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა მათ, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთში მდებარე თავიანთ სახლში მისულიყვნენ.

„ერთ-ერთი ასეთი შესვლის დროს ჩემი შვილი დააკავეს ახალგორის მილიციამ იმ პირობით, რომ უნდა გაეკეთებინათ ნარკოლოგიური შემოწმება. ჩემ შვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია იმიტომ, რომ ის ნარკომანი არ იყო… რამდენიმე ხანი ყავდათ ახალგორის მილიციაში და შემდეგ წაიყვანეს ცხინვალში“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა ცხინვალის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდოდა, რომ მას ეღიარებინა, რომ „იყო დივერსიული დაჯგუფების წევრი, რომელსაც უნდა მოეწყო ტერორისტული აქტი ცხინვალში, რათა ჩაეშალა პუტინის არჩევნები“ და „ვითომ საქართველოდან იყო გაგზავნილი და ამაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც“.

დედის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი ამას არ დათანხმდა, რის შემდეგაც ცხინვალის ხელისუფლებამ ის „სასტიკად და არაადამიანურად“ აწამა.  მისი თქმით, ტატუნაშვილს წამების კვალი ეტყობოდა ხელებზე, ფეხებზე და სახეზე, ასევე „მარჯვენა მხრიდან ჰქონდა ნასროლი ტყვია საფეთქელში და ყურში გავლილი“.

„ხელები ჰქონდა დალურსმნული, დამწვარი ჰქონდა ხელის გულები, ზევიდან ხელები ჰქონდა დალურჯებული და დაგლეჯილი… ორი თითი სასტიკად ჰქონდა დაჩეხილი, რკინები უჩანდა თითში და თითებული ჰქონდა დანაყული“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ინფორმაცია ტატუნაშვილის წამებით მოკვლის შესახებ მისი გარდაცვალებიდან მალევე გაჩნდა. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იგი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ირაკლი თოიძემ, რომელიც ცხედრის ექსპერტიზას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ტატუნაშვილს „თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების სახით“, რითიც მიანიშნა, რომ ის აწამეს.

მსგავსი/Related

Back to top button