ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს
24 ივნისს, ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე რიგი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის საქართველოში არსებული ვითარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარება. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. მისი თქმით, ევროკავშირი შეამცირებს პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან და გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მინისტერიალზე საქართველოს შესახებ „აქტიური დებატების“ დროს მინისტრებმა „წუხილი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ოფიციალური პირების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ“. „ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ ქართული ხმები, რომლებიც, სამწუხაროდ, აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: არა, არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა: „ამაზე უფრო მკაფიო და ლაკონური ვერ ვიქნები“.
მისი თქმით, ეს შეფასება 27-დან 26-მა წევრმა ქვეყანამ გაიზიარა: „ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ერთსულოვნება სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის“.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ „ეს დინამიკა ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს“.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ ხელისუფლება არ შეცვლის სამოქმედო კურსს, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წავა“.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის გეგმებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გაზრდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. მან ასევე განაცხადა: „ჩვენ დავუპირისპირდებით დეზინფორმაციას და გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ“. ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ზომებს მიიღებს.
უმაღლესმა წარმომადგეელმა ასევე განაცხადა, რომ პარალელურად ევროკავშირი შეამცირებს პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოსთან და განიხილავს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას, ასევე გადახედავს ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერის საკითხს. მისი თქმით, „ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში ზომებს მივიღებთ“.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი მტკიცე არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ“, – დასძინა ბორელმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/06/2024 – ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება, თუ ხელისუფლება თავის კურსს გააგრძელებს
- 28/05/2024 – ჯოზეფ ბორელი „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებაზე: ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა ვარიანტს განიხილავენ
- 15/05/2024 – ბორელი და ვარჰეი: „უცხოელი აგენტების“ კანონი უარყოფითად აისახება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)